თურქეთში ოპოზიციური გამოცემა Cumhuriyet-ის გამომცემელი დააკავეს

თურქეთში ოპოზიციური გამოცემა Cumhuriyet-ის გამომცემელი დააკავეს

თურქეთში ოპოზიციური გამოცემა Cumhuriyet-ის გამომცემელი აკინ ატალაი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ატალაი სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში, გერმანიიდან დაბრუნებისთანავე დააკავეს.
5 ნოემბერს, სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციური გამოცემა Cumhurriyet-ის მთავარი რედაქტორის, მურატ საბუნჯუს და გაზეთის კიდევ 8 ხელმძღვანელის და ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა.

ყველა მათგანი 31 ოქტომბერს, ტერორიზმთან სავარაუდო კავშირისთვის დააკავეს. კერძოდ, ჟურნალისტები თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილი.

მანამდე თურქეთში დააკავეს ოპოზიციური პროქურთული საპარლამენტო პარტიის ორი თანათავმჯდომარე სელაჰათინ დემირთაში და ფიგენ იუკსეგდაგი. მათთან ერთად დაკავებული არიან პარტიის დეპუტატები, მათ შორის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იდრის ბალუკენი.