ლევან ბერძენიშვილს არ ჰგონია, რომ ახალი, დიდი ოპოზიციური მოძრაობის შექმნა პოლიტიკურ სპექტრს უშველის

ლევან ბერძენიშვილს არ ჰგონია, რომ ახალი, დიდი ოპოზიციური მოძრაობის შექმნა პოლიტიკურ სპექტრს უშველის

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრ ლევან ბერძენიშვილს არ ჰგონია, რომ ახალი, დიდი ოპოზიციური მოძრაობის შექმნა უშველის პოლიტიკურ სპექტრს. ამის შესახებ ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ გუბაზ სანიკიძის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

“მე ვფიქრობ, ერთი დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბების წინადადებას, რომელიც „ეროვნული ფორუმიდან“ მომდინარეობდა, პოლიტიკური სპექტრი დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა. რას გულისხმობს ამჟამად ბატონი გუბაზი, არ ვიცი. ვიცით, რომ იგი რჩება პოლიტიკაში და შესაძლოა, ვიღაცეები შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს და მოილაპარაკონ რამეზე, წარმატებას ვუსურვებთ ყველას. მაგრამ მე ვარ პარტიული პოლიტიკის გულშემატკივარი. მე ვფიქრობ, საქართველოში პოლიტიკური პარტიები საკმარისი რაოდენობით არსებობს. თუ იგულისხმება, რომ გვაკლია რაიმე ტიპის პარტია, ალბათ, კიდევ შეიქმნება, მაგრამ არსებულ პოლიტიკურ სისტემაში ყველას ჰქონდა საშუალება, წარმატებისთვის მიეღწია. ამიტომ, მე ვრჩები პოლიტიკური პარტიების გულშემატკივარი, მაგრამ თუ ვინმე რაიმე დიდს და სერიოზულს შექმნის, ეს მათი საქმეა. პირადად მე არა მგონია, რომ ეს უშველის პოლიტიკურ სპექტრს. მე ვფიქრობ, ის პარტიები, რომლებიც არსებობს, უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა. როგორც მან განაცხადა, პარტიის დატოვების მიუხედავად პოლიტიკაში რჩება. 
„ვიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო „ეროვნული ფორუმის“ რიგები, თუმცა ვრჩები პოლიტიკაში და ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა სანიკიძემ.