“Black Sabbath” გადამყიდველებმა დააზარალეს

“Black Sabbath” გადამყიდველებმა დააზარალეს

ბრიტანული გამოცემა “The Sun”-ის მტკიცებით, ინგლისელმა გადამყიდველებმა ცნობილი ჯგუფი “Black Sabbath” დააზარალეს.

მიმდინარე წლის აპრილის დასასრულს ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსები ქალაქ ბირმინგემის “O2 Academy”-ს დარბაზში კონცერტს ჩაატარებდნენ. ეს ღონისძიება 19 მაისს უნდა გაიმართოს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთები გაყიდვაში 5 მაისს გამოჩნდა და ათი წუთის განმავლობაში ბოლომდე გასაღდა.

ცნობილი გახდა რომ ბილეთების უმეტესი ნაწილი ბირმინგემელმა გადამყიდველებმა შეიძინეს. ინგლისურ მას-მედიაში ჯგუფის განრისხებულმა თაყვანისმცემლებმა გაკვირვება გამოხატეს, თუ როგორ შეიძლებოდა რამდენიმე წუთში ხუთი ათასი ბილეთის ერთდროულად “აორთქლება”.

ორი დღის წინ სხვადასხვა ბრიტანულ ვებ-გვერდებზე ამ კონცერტზე დასასწრები ბილეთები გამოჩნდა. ნებისმიერ მსურველს მათი შეძენა 200 გირვანქა სტერლინგად შეუძლია. ამ დროს ბილეთების ნომინალური ღირებულება მხოლოდ 45 გირვანქა სტერლინგია.

ბილეთების სიძვირის გამო მათი დიდი ნაწილი გაუყიდავი რჩება. ამ მიზეზის გამო დიდია საშიშროება, რომ ოზი ოსბორნსა და მის კოლეგებს ნახევრადცარიელ დარბაზში გამოსვლა მოუწიოთ.

შექმნილ მდგომარეობას ოზი ოსბორნი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა. ბატონი ოზის განცხადებით, ამ კონცერტისგან შემოსული თანხის ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობისთვისაა განკუთვნილი. გადამყიდველების არაეთიკური საქციელის გამო ჯგუფის ჭეშმარიტი ქომაგები იჩაგრებიან და თავად მუსიკოსებსაც ცარიელ დარბაზში გამოსვლა არ სურთ. ოზი ოსბორნმა ადგილობრივ “ქორვაჭრებს” ბილეთების სალაროებში დაბრუნებისაკენ ოფიციალურად მოუწოდა.

19 მაისის კონცერტი ჯგუფის წევრებისათვის უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში, მშობლიურ ქალაქში ჩატარებული პირველი ღონისძიება გახლავთ. ცნობილი გახდა, რომ მასში ტონი აიომიც მიიღებს მონაწილეობას. ნახევარი წლის წინ აიომის კიბოს დაავადება დაუდგინეს და ამჟამად გაძლიერებულ მკურნალობის კურსს გადის.