გამოცემა “New Musical Express”-ის ცნობით, ჯგუფის ვოკალისტმა დეივ გაანმა გუშინ პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
“უახლოეს დღეებში ახალ დისკზე მუშაობას დავიწყებთ. მის მომზადებაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ. მე და ჩემი კოლეგა მარტინ გორი არაერთ სხვა პროექტში ვმონაწილეობთ. ამ მიზეზის გამო ალბომის ჩაწერის პროცესი ნახევარი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ის გაყიდვაში მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება”. – განაცხადა დეივ გაანმა.
საინტერესოა რომ დისკის მომზადებაში ბენ ჰილერი და კრისტოფერ ბერგიც მიიღებენ მონაწილეობას.
ჯგუფი“Depeche Mode” ინგლისის ქალაქ ბაზილდონში 1980წელს ჩამოყალიბდა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: დეივ გაანი (ვოკალი), მარტინ გორი (ვოკალი, კლავიშები), ენდი ფლეტჩერი (კლავიშები) და ვინს კლარკი (კლავიშები). კლარკმა ჯგუფი 1981 წელს დატოვა და მისი ადგილი ალან უაილდერმა დაიკავა.
2006 წელს ჯგუფმა დაიმსახურა MTV Europe Music Awards-ის მთავარი ჯილდო ნომინაციაში “წლის საუკეთესო ჯგუფი”. სხვადასხვა დროს “Depeche Mode”-ს გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ცალი ალბომი.
ჯგუფის ბოლო სტუდიური ნამუშევარი“Sounds Of The Universe” 2009 წელს გამოვიდა.