როგორც უკვე ვიუწყებოდით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიკტორ ორბანმა (Orbán Viktor) უნგრეთის სამოქალაქო კავშირის „Fidesz“ საპარლამენტო ფრაქციის შეკრებაზე პრეზიდენტის პოსტზე ევრო-პარლამენტის დეპუტატის, იანოშ ადერის (Janos Ader) კანდიდატურა წამოაყენა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის წინა პრეზიდენტმა, პალ შმიტმა 2 აპრილს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ მარტის ბოლოს ბუდაპეშტის მედიცინისა და სპორტის უნივერსიტეტის დოქტორთა საბჭომ შმიტს სამეცნიერო ხარისხი ჩამოართვა, ჩათვალა რა შმიტის მიერ დისერტაციის დროს, ინფორმაციის წყაროს მითითების გარეშე, სხვა ავტორის (ნიკოლაი გეორგიევი) დისერტაციის ამონარიდების სიტყვა-სიტყვით ციტირება პლაგიატის ფაქტად.
უნგრეთის კანონმდებლობიშ თანახმად თუ პრეზიდენტის უფლებამოსილება ვადამდე შემწყდება, ახალი პრეზიდენტი 30 დღეში უნდა იქნას არჩეული.
შესაბამისად 2 მაისს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ 52 წლის იურისტი, ოთხი შვილის მამა, ევროპის სახალხო პარტიის ფრქციის დეპუტატი, მმართველი პარტიის „Fidesz“ ერთ-ერთი დამფუძნებლი იანოშ ადერი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. არჩევნებში 386 დეპუტატიდან 302 მიიღო მონაწილეობა. მის კანდიდატურას პარლამენტში „Fidesz“-ისა და მისი პარტნიორი ქრისტიან-დემოკრატების 262 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ულტრა-მემერჯვენე „უკეთესი უნგრეთისათვის“ 40 დეპუტატი წინააღმდეგი წავიდა. მემარცხენე ოპოზიციამ და „მწვანეებმა“ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
„უნგრეთის კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად იანოშ ადერი არჩეულია უნგრეთის პრეზიდენტად“ - ფარული კენჭის ყრის შემდეგ პარლამენტის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა შანდორ ლეჟაკმა განაცხადა.
კენჭისყრაზე პარლამენტის წინაშე ადერის კანდიდატურის წარდგენისას ლეჟაკმა აღნიშნა, რომ „ თქვენს წინაშე არის ადამიანი, რომელმაც შეიცნო შრომის მძიმე სამყარო, მან იცის თუ რას ნიშნავს უკეთესი ცხოვრებისათვის საკუთარი ძალებით ბრძოლა, მისთვის ცნობილია იურისპრუდენციის სიბრძნეები და იგი სიცბიერით დახლართული პოლიტიკური ცხოვრების ბილიკებიდან ყოველთვის პირდაპირ გზას ირჩევს“
იანოშ ადერმა უნგრეთის პრეზიდენტის ფიცი უკვე დადო.
ახლადარჩეული პრეზიდენტი თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას 10 მაისიდან შეუდგება. მანამდე კი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის ფუნქციას დროებით უნგრეთის პარლამენტის მეთაური ლასლო კევერი შეასრულებს.