სწორედ ამ დროს, ერთმა ირლანდიელმა ბიჭუნამ, რომელიც მაინცდამაინც გარეგნობითაც კი არ გამოირჩეოდა, პიტერ გრინს მიაკითხა, გიტარა მომყიდეო...
გრინმა, რომელსაც ცალი ფეხი უკვე ფსიქიატრიულ კლინიკაში ჰქონდა, მთხოვნელს გიტარა გაუცვალა და გარკვეული თანხა დაამატებინა...
ამ უცნაურმა ამბავმა პიტერ გრინის გიტარაზე აღზრდილ ერთ დიდ ირლანდიელ მუსიკოსს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც საოცარი შემართებით შეუდგა როკ გავარსკვლავებისაკენ წინსვლას...
იმ დროისათვის მსოფლიო სახელი ერთადერთ ირლანდიელ გიტარისტს – რორი გალახერს ჰქონდა მოხვეჭილი, სულ რამდენიმე წლის შემდეგ კი მუსიკალური ელიტა თურმე კიდევ ერთი ირლანდიელის – გარი მურის შესახებ უნდა ალაპარაკებულიყო.
აქვე ვიტყვით, რომ გარი მურის 40-წლიანი მუსიკალური კარიერა, რომლის აღსასრულიც 2011 წლის 6 თებერვალია, პირად თვისებებთან ყველაზე კარგად ალბათ მისმა უმცროსმა ქალიშვილმა დააკავშირა, როგორც ყვავილებიან პერანგში გამოწყობილი დიდი ბავშვი, რომელიც მრავალთა და მრავალთა აღმაფრენას ანიჭებდა...
შორეულ 1969 წელს კი 16 წლის გარი მური ჯგუფ Skid Row–ში მიიპატიჟეს. დუბლინში ჩამოყალიბებული კოლექტივი ტრადიციულად ბლიუზურ საწყისებზე აგებულ ბანალურ ჰარდ–როკს უკრავდა. იქ მალე ცოტა ხნით მომავალში გარი მურის კარგა ხნის პარტნიორი ფილ ლაინოტიც გამოჩნდა და საუკეთესო შემადგენლობით Skid Row–მ ორი სინგლი ჩაწერა. სწორედ ამ დროს გაიცნო გარი მურმა პიტერ გრინი, რომლის დაკვრითაც აღფრთოვანდა კიდევაც. თავის მხრივ არც პიტერ გრინი იყო გულგრილი Fleetwood Mac-ის გამახურებელი ბენდის გიტარისტის მიმართ, რომელიც წარუდგინა კიდეც მსხვილ ხმისჩამწერ კომპანია Columbia Records–ს. ალბომი – Skid წარმატებული გამოდგა.
ამ დროისათვის, ლაინოტის გარეშე Skid Row–ს უკვე გარი მური ლიდერობდა და გიტარისტობის გარდა, მომღერლის ფუნქციასაც ტვირთულობდა. 1971–ში კოლექტივმა მეორე ალბომიც – 34 Hours ჩაწერა თუმცა ამით დასრულდა 17 წლის გარი მურის თანამშრომლობა კოლექტივთან, რომლის სახელწოდებაც საბოლოოდ 1987 წელს 35000$–ად ამერიკულ ჰევი მეტალ ჯგუფს მიჰყიდა...
როგორც ვხედავთ მუსიკოსმა ძალზედ ადრეულ ასაკში მიაღწია უდიდეს გამოცდილებას, რაც აისახა ვირტუოზულ დაკვრაზე და გემოვნების გარკვეულწილად ჩამოყალიბებაზე. ეს უკანასკნელი კი მომავალში აუცილებლად დახვეწას მოითხოვდა. გარი მურის ხასიათში გამჯდარი ირლანდიური პირდაპირობა და უკომპრომისობა ხომ უკვე „ვარსკვლავობის“ პერიოდშიაც კი მის ბლიუზს, როგორც ვოკალური, ასევე გიტარული თვალსაზრისით, ზოგჯერ ზიანს აყენებდა...
საუკეთესო „სათლელი“ ჯონ ჰაისმანის Colosseum აღმოჩნდა, სადაც გარი
მურმა შესანიშნავი მუსიკოსები – თავად დრამერი ჯონ ჰაისმანი, კლავიშებზე შემსრულებელი დონ ეირი და ბას გიტარისტი ნეილ მიურეი გაიცნო. ბრიტანული სცენის მომავალში უდიდესმა წარმომადგენლებმა, სწორედ აქ ჩაუყარეს საფუძველი ჩიკ კორეასა, თუ ჰერბი ჰენგკოკის მუსიკალურ ხედვაზე (საკამათოა) დამყარებულ ბრიტანულ ფიუჟენს.
გარი მურმა ჯონ ჰაისმანთან მუშაობით უდიდესი გამოცდილება შეიძინა, რადგან ბლიუზურ, ირლანლიურ ხალხურ და ჰარდ–როკულ ხედვას, უკვე ჯაზურ–ინსტრუმენტული გიტარაც შეჰმატა, რითაც საოცრად გაამდიდრა უკვე მომავალი ჯგუფი – ფილ ლაინოტის Thin Lizzie. ჰარდ–როკ კოლექტივი რეპერტუარს ლამაზ როკ–ბალადებსაც ურთავდა ხოლმე. გარი მურის 70–ების მეორე ნახევრისათვის დამახასიათებელი ფიუჟენ გიტარული მომენტები კი განსაკუთრებით ცოცხალი შესრულებისას ავსებდა უკომპრომისო ჰარდ–როკ ბენდს. სწორედ ჰაისმანის სკოლიდან გამომდინარე დაკვრის განწყობის ვარირება განასხვავებდა და მრავალფეროვანს ხდიდა Thin Lizzie–ს, მაგალითად მაიკლ შენკერის დაკვრით გამორჩეულ UFO–თან შედარებით.
80–ების დასაწყისში გარი მური უკვე ყოველმხრივ შეიარაღებული გიტარისტია. ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი წინააღმდეგობა არასასურველი ეპოქაა, რომელიც მუსრს ავლებს რაღაც ახალს და პროგრესულს. 1984 წელს კომერციული მოთხოვნებიდან გამომდინარე ხომ თვით ლეგენდარული Deep Purple შეიქმნა იძულებული გარკვეულ დათმობებზე წასულიყო...
გარი მურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ამ დროისათვის ყველაზე ნაკლებად მომგებიანი და უკომპრომისო ჰარდ–როკული გზა აირჩია და ჯგუფში სახელგანთქმული მუსიკოსები იან პეისი, ნილ მიურეი და დონ ეირი მიიწვია. 80–იანების ალბომებმა ჯამში გაამართლეს, ხოლო ჯანსაღი მუსიკალური პრესის შემთხვევაში მას დღესდღეობით ალბათ გაცილებით მეტი მსმენელი ეყოლებოდა, რადგან სიმღერები მელოდიურია და პერიოდის კომერციული ეტიკეტის დაცვიდან გამომდინარე ნაკლებად ნოვატორული...
90–იანებიდან მოყოლებული კი გარი მურმა უკვე გამორჩეულად ბლიუზის მიმართულებით დაიწყო მუშაობა და 1990 წლის ალბომით Still Got The Blues, მასობრივი მსმენელი მოიპოვა. თავად ბლიუზი Still Got The Blues ბესტსელერად იქცა, ხოლო მთლიანობაში ალბომს კი დიდი ბლიუზმენების – ალბერტ კინგისა და ალბერტ კოლინზის მონაწილეობამ, განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
ამ დროისათვის გარი მური უმაღლესი ბლიუზური წრეების მიღებული სტუმარია და მისი გამოჩენა სცენაზე ბი ბი კინგთან ერთად, ჩვეულებრივი მოვლენაა. გარი მურის გიტარის ბგერაც უკვე საკმაოდ ნატიფი და ადვილად ამოსაცნობია, რამაც მუსიკოსს საოცარი ალბომის Blues For Greeny ჩაწერისაკენ უბიძგა. ნამუშევარი მის საყვარელ გიტარისტ – პიტერ გრინის შემოქმედებას მიეძღვნა.
ამავე პერიოდში გარი მურმა ჯეკ ბრიუსთან და ჯინჯერ ბეკერთან ერთად პროექტ BBM-ში საოცრად დაუკრა და Cream-ის ისეთი ხედვა გამოავლინა, რომ ვინ იცის, კლაპტონსაც კი შეშურდებოდა... საერთოდ ალბომის მოსმენისას იგრძნობა გარი მურის ლიდერობა, რომელიც საოცარი დახვეწილობით გამორჩეული სოლოებით აღჭურვილ ტრადიციულ Cream-ის სტილის რეპერტუარს, საკუთარი ხელწერის სიმღერებსაც უთავსებს. სამწუხაროდ შესანიშნავ ნამუშევარ Around The Next Dream-ის გაგრძელება ოდენ ერთი არაოფიციალური ლაივ ალბომით შემოიფარგლა...
საბოლოოდ, ალბათ ლოგიკურია, რომ გარი მურის 21–ე საუკუნის შემოქმედება ბლიუზის მიმართულებით წარიმართა, რადგან როკული მძლავრი ფუნდამენტი ხომ მას არასოდეს ტოვებდა. ფიუჟენი კი მის შემოქმედებაში დიდი ხნით კი არა და თურმე სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა...
ბოლო ალბომი გარი მურმა 2008 წელს სახელწოდებით Bad for You Baby ჩაწერა, რომელმაც წლის საუკეთესო ბლიუზურ ალბომთა შორის, მეორე ადგილი დაიმკვიდრა. გედის სიმღერა მუსიკოსს ძალიან ლამაზი და შესაძლოა ოდნავ მელანქოლიური გამოუვიდა. სიმღერათა უმრავლესობა გარი მურის კალამს ეკუთვნის, ხოლო ა ბლიუზური თვითმყოფადობით კი10 წუთიანი I Love You More Than You'll Ever Know გამოირჩევა, რომელმაც თითქოს შეაჯამა უდიდესი სიყვარული, რომლითაც დიდი ირლანდიელი მუსიკოსი ოთხი ათწლეულის მანძილზე ავსებდა ნებისმიერი რანგისა თუ მსოფლმხედველობის მსმენელს.
ჩვენშიც კი, მაინცდამაინც დიდი „ფანობის“ არარსებობის მიუხედავად, იშვიათია, რომ გარი მურის შემოქმედების შესახებ აუგის მთქმელი გამონახო. ასევე ითქმის მუსიკოსის პიროვნული თვისებების მიმართაც – „დიდ ბავშვად“ მას არამარტო საკუთარი შვილი მოიაზრებდა...