გზების მშენებლობა, წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა - ყველა პროექტს ხელისუფლება ვალებით ახორციელებს. მერე მოსახლეობის წინაშე თავს იწონებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის და საქართველოში უამრავი რამ კეთდება. სპეციალისტების განცხადებით, ვალების აღება პრობლემა არ არის, თუ იგი უკუშედეგს მოიტანს. თორემ ერთ წელიწადს დაგებული გზა, რომ მეორე წელს ისევ დასაგებია, განახლებული საკანალიზაციო სისტემები ზიანდება, დევნილების სახლები თავიდან გასაკეთებელია პრობლემა სწორედ ესაა.
ექსპერტების განცხადებით, ამ მთავრობის წასვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტს 10 მილიარდზე მეტი ვალი დარჩება და ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი იქნება, რისთვისაც ამხელა თანხა დაიხარჯა. კიდევ ერთი, ამჯერად მთავრობა კრედიტს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლადაც იღებს. ცოტა ხნის წინ მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისგან სწორედ ამ მიზნით 100 მილიონი ლდოლარი ისესხა.
ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით, ქვეყნის ურიცხვი ვალებიდან გამომდინარე, მორიგი ვალის აღება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლეობიდან უნდა მომდინარეობდეს. გარდა ამისა, აღნიშნულ სიტუაციაში ქვეყანამ ვალი არ უნდა აიღოს იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომელსაც უკუფინანსური შედეგი არ ექნება.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში, თუკი ვალი აუცილებლობით არ არის განპირობებული, იგი პარლამენტმა უნდა დაბლოკოს ან კონტროლის პალატამ უნდა დადოს დასკვნა მასთან დაკავშირებით.
„ხელისუფლება სულ საუბრობს იმაზე, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება, მეორეს მხრივ კი დიდი რაოდენობით ვალს იღებს. ეს ორი ქმედება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ვალი აღება უნდა მოხდეს, მხოლოდ გადაუდებელი ხარჯების დასაფინანსებლად. პენსიების ან სხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება მთავრობას „ქამრების შემოჭერით“ და სხვა ამ ეტაპზე ნაკლებად საჭირო ხარჯების შემცირებით შეუძლია. ფაქტია, რომ მალე, ქვეყანას ამ ვალების გასტუმრება მძიმე ტვირთად დააწვება“, - ამბობს ნარმანია.
ფაქტობრივად, მთავრობა ყველა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლითაც საზოგადოების წინაშე თავს იწონებს, ვალებით ახორციელებს. კერძოდ, ყველაზე ბევრ ფულს გზების მშენებლობისთვის ვსესხულობთ, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებისთვის და ასე შემდეგ.
კერძოდ, ყველაზე ბევრ ფულს გზების მშენებლობისთვის ვსესხულობთ, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებისთვის და ასე შემდეგ. გაისად, მთავრობა ელექტროქსელის „ალავერდის“ რეაბილიტაციისთვის 312 ათასი ლარის ვალს აიღებს, შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციისთვის 31,500 მილიონ ლარს, ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ვალის მოცულობა კიდევ 44,5 მილიონი ლარით გაიზრდება. წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 40 მილიონ ლარს ვისესხებთ, ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის ყველაზე მასშტაბური 80 მილიონი ლარის ვალი დაემატება ქვეყანას.
ასევე გაიზრდება ვალი, რუსებს გადარჩენილი „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის - 35 მილიონი ლარით. დასრულებული „ვაზიანი-გომბორი-თელავის“ გზის პროექტისთვის გაისად დამატებით 11,761 მილიონი ლარის კრედიტი გამოიყოფა. ყველაზე ცოტა ვალს სახელმწიფო სოფლის განვითარების პროექტისთვის აიღებს - 5,280 მილიონი ლარი. ასევე მცირედი კრედიტი გამოიყოფა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის 4,9 მილიონი ლარი.
ექსპერტების აზრით, მსესხებელმა ორგანიზაციებმა კრედიტების გამოყოფა თავად უნდა შეზღუდონ, როდესაც ვალს მოუცულობა მშპ-სთან მიმართებაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწევს - 40%-ს გადაცდება, ხოლო ექსპორტთან მიმართებაში 110%-ს.
თუმცა ექსპერტის ნოდარ ხადურის განცხადებით, თუ რომელიმე ორგანიზაცია ჩათვლის, რომ ქვეყანა გადახდისუუნარო ხდება და კრედიტს აღარ გასცემს, ეს პრობლემას არ ხსნის. ამ შემთხვევაში მთავრობა, ვთქვათ ლონდონის ბირჟაზე გასატანად გამოუშვებს ობლიგაციებს, როგორც ეს 2008 წელს მოხდა ან ფულის სესხების სხვა წყაროებს გამონახავს.
ანუ, თვითონ ხელისუფლებამ უნდა გათვალოს რისი გადახდა შეუძლია და კრედიტი რა მიმართულებით უნდა წარმართოს, რომ მან თავისი თავიც გაისტუმროს და ქვეყანას დამატებითი შემოსავლებიც მოუტანოს.