გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება დაემთხვა ღამის

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება დაემთხვა ღამის "კურიერს", „ნაცების“ პრეზენტაციას, დღევანდელ აქციას

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება არ შეიძლება „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედიოდეს. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ქვეყნის დესტაბილიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში შედის.

„ელემენტარული ანალიზის უნარი ვისაც გააჩნია დამერწმუნება, რომ არანაირად არ შედიოდა „ქართული ოცნების“ ინტერესში, რომ ასეთი რამ მომხდარიყო. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ არჩევნები მიმდინარეობდეს მშვიდად, თავისუფალ რეჟიმში, დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა ჩვენი პარტნიორი, იმდენად რამდენადაც „ქართული ოცნება“ აბსოლიტურად დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში, მაგრამ ასევე პარალელურად ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის იმ რეალობის თანაზიარი,  რომ მათი პოლიტიკური პერსპექტივები ნულს უტოლდება. ისინი ცდილობენ, არა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესების ინტერესი გააჩნიათ, რაც მდგომარეობს ქვეყნის დესტაბილიზაციაში. ჩვენ ამ ინფორმაციას ვფლობდით. ამაზე საუბრობენ მათი ყოფილი თუ იქიდან გამოსული პირები”,- განაცხადა ჟურნალისტებთან სესიაშვილმა.

მისივე თქმით, დეპუტატის მანქანის აფეთქება რამდენიმე მოვლენას დაემთხვა.

 „სამწუხარო ინციდენტი მოხდა, თუმცა ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს რა თქმა უნდა არ შედიოდა „ქართული ოცნების“ ინტერესებში, თუმცა ამავე დროს ის პირდაპირ დაემთხვა ღამის კურიერს, დაემთხვა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზენტაციას „რუსთავი 2”-ზე, დაემთხვა დღევანდელ აქციას, დაემთხვა ვიზალიბერალიზაციის საკითხს, სადაც ჩვენ პირდაპირ ვკითხულობთ იმ ინტერესებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ თანსდევს. ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას.  ჩვენს ინტერესებშია, რომ გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად ჩატარდეს და სასურველია, რომ პასუხი მივიღოთ ამაზე მათ შორის არჩევნებამდე, ვინაიდან ქართველ ხალხს, ამომრჩეველს ჰქონდეს საკმარისი სურათი, ინფორმაცია იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს“,- აღნიშნა სესიაშვილმა.