თბილისის მერმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფის ანგარიში მოისმინა

თბილისის მერმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფის ანგარიში მოისმინა

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერს სამი კვარტლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანახელმძღვანელის მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, ამ ეტაპისთვის შედგენილია სხვადასხვა შინაარსის რუკები, რომელიც დაადგენს დედაქალაქის განაშენიანების, სივრცითი შეზღუდვისა და სამშენებლო განვითარების აკრძალვის საზღვრებს, ასევე  გამწვანებული ტერიტორიების, სკვერებისა და ლანდშაფტური დაცვის ზონებს. 

„ეს რუკები დედაქალაქის განვითარების კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად საბაზისო დოკუმენტაციას წარმოადგენს, ვინაიდან განსაზღვრავენ, როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული არეალების განვითარების პერსპექტივას“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

დავით ნარმანიას განცხადებით, გენერალურ გეგმაზე ამ ეტაპისთვის დასრულებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართება. 

„გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ უკვე სამი კვარტლის ანგარიშია წარმოდგენილი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიმყოფებით გენერალური გეგმის მომზადების შუა ეტაპზე. ვგეგმავთ, რომ  სამივე კვარტლის ანგარიში და ამ ეტაპისთვის ჩვენს ხელთ არსებული მასალის საჯარო განხილვა მოვაწყოთ თბილისის საკრებულოში. ვვარაუდობთ, რომ ოქტომბრის ბოლომდე ჩავნიშნავთ თარიღს და გავმართავთ პრეზენტაციას, რათა ფართო საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით დოკუმენტის მომზადებისას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები, არქიტექტორები, ურბანისტები და ექსპერტები.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ააიპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 აპრილი.