ევროპარლამენტში სოციალ-დემოკატების ჯგუფის წევრი კნუტ ფლეკენშტაინი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმებას უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიაღწევს. ამის შესახებ კნუტ ფლეკენშტაინმა სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ევროპარლამენტარის თმით, ის დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მალე დასრულდება.
"როგორც იცით Libe-ს კომიტეტმა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას. ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი ასევე მისცემს ხმას ინიციატივას. ჩვენ გვაქვს ერთი შიდა პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც უახლოესი ორი დღის განმავლობაში ვეცდებით. საუბარია შეჩერების მექანიზმზე, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა სახელმწიფოს, რომელიც უვიზო რეჟიმით ისარგებლებს. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხზე გადაწვეტილების მიღებას მიმდინარე კვირას შევძლებთ. მე პირადად დარმუწნებლი ვარ, რომ საბოლოო შედეგამდე გრძელი გზა არ დაგვრჩენია", - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მთავარი განსახილველი საკითხი ვიზალიბერალიზაცია და მასთან დაკავშირებული პროცედურები იყო.