ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა პაციენტის სახელსა და გვარს, ყველა პაციენტს მოვინახულებ

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა პაციენტის სახელსა და გვარს, ყველა პაციენტს მოვინახულებ

„ნიუ ჰოსპიტალში“ ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატ გივი თარგამაძის მძღოლი მოინახულა, რომელიც მანქანის აფეთქების შედეგად დაშავდა. მინისტრის თქმით, დავით ვარდოსანიძის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საბედნიეროდ საფრთხე არ ემუქრება. მას ახლახან ჩაუტარდა კომპიუტერული გამოკვლევა. ის დარჩება რამდენიმე საათით მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა მსუბუქია. ჯამში მე ვნახე 5 დაზარალებული. ესენი არიან ყველა ის პაციენტი, რომელმაც დახმარებისთვის მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ორი დაზარალებული არის „ინგოროყვას კლინიკაში“. ერთი არის პირველ კლინიკურში. ერთი არის „ამტელში“ და ერთი არის „ნიუ ჰოსპიტალში“

კითხვაზე, მოინახულებს თუ არა დავით სერგეენკო გივი თარგამაძეს, მან განაცხადა, რომ ყველა პაციენტს მოინახულებს.

„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა პაციენტის სახელსა და გვარს, მოვინახულებ ყველა პაციენტს, ვისაც დასჭირდება სამედიცინო დახმარება. რამდენადაც ვიცი, მას ამ ეტაპზე ეს არ სჭირდება”,- აღნიშნა მინისტრმა.

დაშავებულის მდგომარეობაზე კომენტარი „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმაც გააკეთა. მისი თქმით, დაშავებულს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ  მოყვანილია 37 წლის  მამაკაცი. მისი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, ჩაუტარდა შესაბამის კვლევები და სპეციალისტა კონსულტაციები, იმყოფება დაკვირვების ქვეშ,“- განუცხადა ჟურნალისტებს გადაუდებელი  მედიცინის ექიმმა ნინო ამირიძემ.