უკვე ვნახეთ განცხადებები, მათ შორის „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
ბესელიას თქმით, დღევანდელმა ფაქტმა ხურჩაში „დადგმული სცენარი“ გაახსენა. „კარგია, რომ ჯანმრთელად არის ბატონი თარგამაძე. რაც შეეხება ფაქტს, რა მოხდა - ეს მივანდოთ გამოძიებას და საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც დაადგენენ, თუ რა მოხდა ნამდვილად. იმედი მინდა დავიტოვო, რომ პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური სარჩული ამ ფაქტს არ მოჰყვება და არ იქნება მცდელობა, რომ პირდაპირ მოხდეს გარკვეული სცენარის შექმნა, რადგან ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა, გაირბინა და გვახსოვს ხურჩაში დადგმული სცენარი. უკვე ვნახეთ განცხადებები, მათ შორის „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ა.შ. და არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე. ამიტომ, მოდით გამოძიებას მივანდოთ ამ ფაქტის გარკვევა, მოვისმინოთ გამოძიების ვერსია და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები“, - განაცხადა ბესელიამ.