სამი პროექტი, რომლითაც Marriott-ი დაინტერესდა, ისეთი იქნება, როგორც არაფერი სხვა

სამი პროექტი, რომლითაც Marriott-ი დაინტერესდა, ისეთი იქნება, როგორც არაფერი სხვა

დაინტერესებულ ინვესტორებსა და დეველოპერებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, ფონდთან ერთად სასტუმროები და ტურისტული ინფრასტრუქტურა განავითარონ, შეგვიძლია, ხიდის როლი შევთავაზოთ, რაც მათ საერთაშორისო ბრენდთან ურთიერთობებს გაუადვილებს, -  განაცხადა „სასტუმროების მართვის კომპანიის“ მმართველმა, გიორგი ტოგონიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.

„ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება სასტუმროების მართვაა. დღეს საქართველოში ტურისტების ნაკადის ზრდა შეინიშნება და მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. ჩვენ გვინდა, მიწოდება და მომსახურების ხარისხი გავზარდოთ. ეს არა მარტო თბილისს, არამედ რეგიონალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებაც ეხება. რეგიონალურ სასტუმროებთან არსებულ ტრენინგცენტრებში დაინტერესებული პირების გადამზადებას შევძლებთ“, - განაცხადა ტოგონიძემ.

მისი თქმით, სამი პროექტი, რომლითაც Marriott-ი დაინტერესდა, ზუსტად ისეთი იქნება,  როგორც არაფერი სხვა.

“Marriott-ი მსოფლიოში სიდიდით ნომერ პირველი ოპერატორია და აქვს ფუფუნება, ძალიან დეტალური შერჩევა მოახდინოს სასტუმროებისა, რომლებსაც თავის ქოლგის ქვეშ გააერთიანებს. Autograff-ს, რომელიც უმაღლესი ხარისხის ბრენდია, ძალიან საინტერესო დევიზი აქვს, რომელიც ქართულად ასე ჟღერს - „ზუსტად ისეთი, როგორც არაფერი სხვა“. ეს სამი პროექტი, რომლითაც Marriott-ი დაინტერესდა, ზუსტად ისეთი იქნება,  როგორც არაფერი სხვა. მაგალითად შეკვეთილის პროექტში არის 150-მეტრიანი ზღვაში შეჭრილი აუზი, აკვარიუმი, 3 500 კვ. მ-იანი ზამთრის ბაღი და ასე შემდეგ“, - განაცხადა „სასტუმროების მართვის კომპანიის“ მმართველმა.

როგორც მან აღნიშნა, ფონდის მიმართულებით განვითარებად სასტუმროებს იმ შეთავაზებას არგებენ, რაც მდებარეობისთვის უნიკალური იქნება.

„ვცდილობთ, ფონდის მიმართულებით განვითარებად სასტუმროებს ის შეთავაზება მოვარგოთ, რაც მდებარეობისთვის უნიკალური იქნება. მაგალითად, განმუხურში, სადაც აბსოლუტურად უნიკალური მშრალი კლიმატია, შეგვიძლია, სპორტული ტურიზმის განვითარების მიმართულება შევთავაზოთ, რაც საქართველოში უპრეცედენტოა.  კლიმატი გვაძლევს საშუალებას, 5-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ ტურნირების მოსაწყობად  მიიღოს ნებისმიერი ქვეყნის ფეხბურთის, რაგბის თუ კალათბურთის ნაკრები. მწვანე კონცხზე განვითარებად პროექტს გვინდა, კიდევ უფრო სხვა დანიშნულება მივცეთ, რაც საქართველოს ცნობადობას კიდევ უფრო აამაღლებს. დღეს საქართველოში განვითარებული არ არის სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი  და ამ მიმართულების განვითარებისთვის ინვესტორებს ველაპარაკებით, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ“, - განაცხადა გიორგი ტოგონიძემ.