ეს არ არის ნორმალური ქვეყანა და ნორმალური ვითარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა მათი პარტიის წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
გაბაშვილს იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი 8 ოქტომბერს დასრულდება და ქვეყანა ნორმალურად დაიწყებს ცხოვრებას. „რა შეფასება უნდა გავაკეთო? - ადამიანი გამოვიდა ოფისიდან და რამდენიმე წამში მისი მანქანა არის გაგლეჯილი. როგორც ჩანს, აფეთქება იქით არ წავიდა, საითაც დაგეგმილი იყო - უკანა ნაწილი აქვს მოწყვეტილი მანქანას, გივიც გადარჩა და დათოც. როგორ შევაფასებდი? - ისე შევაფასებდი, როგორც წინა დღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატისთვის, ოქრუაშვილისთვის სროლას და იმის წინა დღეს, კონცერტზე 15 წლის ბიჭის დანით მკვლელობას. ეს არ არის ნორმალური ქვეყანა და ნორმალური ვითარება. ეს არ არის ნორმალური არჩევნები. ჩვეულებრივად ბომბები ფეთქება ქალაქში. მე ერთადერთი რაღაცის იმედი მაქვს, რომ 8 ოქტომბერს ეს ყველაფერი დასრულდება და ქვეყანა ნორმალურად იცხოვრებს“, - განაცხადა გაბაშვილმა.
რამდენიმე საათის წინ, „პირიმზესთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. დაშავებულია 4 პირი, მათ შორის გივი თარგამაძის მძღოლი.