ახალი პროექტებით დედაქალაქი 400 000 კვ.მ ფილტვებს მიიღებს და ასეთი ადგილი თბილისში არ იარსებებს

ახალი პროექტებით დედაქალაქი 400 000 კვ.მ ფილტვებს მიიღებს და ასეთი ადგილი თბილისში არ იარსებებს

ტურიზმის განვითარების ფონდის შექმნის მთავარი ამოცანა ქვეყანაში არსებული, მაღალი პოტენციალის მქონე ადგილების განვითარება და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნაა, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურა ყველა იმ წერტილში განვითარდეს, სადაც ამის შესაძლებლობა გაგვაჩნია. ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია აშკარად შეიმჩნევა და წელს რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. იმისთვის, რომ ამ ნაკადებთან ერთად უკვე თემატური ტურიზმის ახალი ნაკადები შეიქმნას, საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენი პროექტები, რომლებიც ამჟამად ხორციელდება და, რომელზეც 680 მილიონი დოლარია გამოყოფილი, აქედან კი 259 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, სწორედ ამას ემსახურება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მისი თქმით, უნიკალური პროექტები ერთმანეთს ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით დაუკავშირდება.

„უპრეცედენტო და უნიკალური პროექტები ეკოლოგიურად სუფთა, პანორამული ხედებით გამდიდრებული საბაგირო გზითაა დაკავშირებული  და 3 წუთზე ნაკლებ დროში, თავისუფლების მოედნიდან სოლოლაკის ქედზე ბუნებაში აღმოჩნდებით“, - განაცხადა ქარსელაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პროექტის საბოლოო ვარიანტი სპეციალისტების რაციონალური შენიშვნებისა და რჩევების  გათვალისწინებით შეიქმნა.

„დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენ ამ პროექტს ვხვეწდით და ის, რაც დღეს წარმოვადგინეთ, რაციონალური შენიშვნებისა და რჩევების  გათვალისწინებით მივიღეთ. თავდაპირველი კონცეფციით, მაგალითად 2014 წელს 2 საბაგირო გზას განვიხილავდით, ახლა კი მხოლოდ 1 საბაგიროა შენარჩუნებული. ის გზა, რომელიც ერეკლე მეორის მოედნიდან უნდა გაკეთებულიყო, აღარ განიხილება. ასევე, სოლოლაკში 2 პროექტი იყო - სოლოლაკის ბაღები და სოლოლაკის მაღლობი. იმ ტერასულ ნაწილს, რაც ქალაქიდან უფრო ხილვადი იქნებოდა, თაბორის პროექტის გამოჩენით რეალურად ბრწყინვალე გაგრძელება მოეძებნა. თაბორის მთაზე 400 000 კვ.მ -ზე 80-ნომრიანი სასტუმრო გაშენდება. ჯამში, საუბარია 5 ჰექტარზე. წარმოიდგინეთ, დანარჩენი 395 000 კვ.მ მხოლოდ ბუნებაა. გაშნდება ხელოვნური ტბა, რომელიც ირიგაციისთვის გამოიყენება. ამ ყველაფრით დედაქალაქი 400 000 კვ.მ ფილტვებს მიიღებს და ასეთი ადგილი თბილისში არ იარსებებს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.