აბდუშაჰილი დიღმის დუქანში – ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

აბდუშაჰილი დიღმის დუქანში – ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

“მოდი ნუ ვისაუბრებთ საქართველოს 19 წლამდე ნაკრების აზერბაიჯანელებთან მარცხზე. ნურც იმას გავიხსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, გერმანიაში კიდევ ერთი ქართველი ბიჭი “გაიპარა კაიფში“.  შევეცადოთ, რომ მხოლოდ პოზიტივზე გავაკეთოთ“ – ასე ვფიქრობდი წინა კვირის ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვის დაწყებას, მაგრამ არ გამოდის და რა ვქნა... ქართულ ინტერნეტფორუმებზეც და ჩვენი საიტის ფორუმზეც, მხოლოდ ცუდსა და გულსატკენ ამბებს გაიგებთ. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, რომ ამ კვირასაც პესიმისტები ვიყოთ.

 

პრესა.გე–ს ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი – იერემია, სტატიაზე: “პერევიდან ჯარების გაყვანა – კარტბლანში სარკოზისთვის ობამას “ჯინაზე”?! ჩვენი შეფასებით, კვირის ყველაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს:

 

იერემია: “ფორუმელ ოპტიმისტებს: გამოუსწორებელი ოპტიმიზმი ყველაზე სასიამოვნო სენია დედამიწის ზურგზე. ნეტავ მეც თქვენსავით ვიყო შეპყრობილი ამ სენით, მაგრამ, ვაგლახ, ჯერჯერობით, საამისო მიზეზი არ გამაჩნია. 2016 წლამდე კი არა, ქართველ კაცს შეუძლია უსასრულობამდე დაელოდოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსს. ერის მოთმინების ფიალა ამოუწურავი ფენომენია.

 

ამის არაერთი მაგალითი ვიცით ჩვენი ისტორიიდან. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ კეთილ სურვილზე დამყარებული, მაგრამ არგუმენტებით გაუმყარებელი იმედი ვერაფერი შვილი საქონელია. ამან შეიძლება დამღუპველ თვითდამშვიდებამდე მიგვიყვანოს და გვაფიქრებინოს, რომ ყველაფერი უჩვენოდ მოგვარდება სადღაც "იქ", მეშვიდე თუ მეცხრე ცაზე. რეალურ ცხოვრებაში, მით უმეტეს პოლიტიკის დაუნდობელ და სასტიკ სამყაროში ასე არ ხდება ხოლმე“

 

ამის წაკითხვის შემდეგ, ძალიან ძნელია, რომ პესიმისტი არ იყო. თუმცა, ალბათ ხვდებით, რომ მე ამაში “ლეიბორისტულ პესიმიზმს“ ნამდვილად არ ვგულისხმობ...

 

„შეწყვიტეთ განსაკუთრებით საშიში კასეტური ბომბების გამოყენება“ – ასეთი სათაურის მქონე სატატიაზე, ჩვენი ასევე ერთ–ერთი აქტიური მკითხველი – მერაბი ამბობს:

 

მერაბი: “არავითარ შემთხევავში საქართველომ არ უნდა აიღოს თავის თავზე ვალდებულება კასეტური იარაღის აკრძალვაზე. ჩვენი გეოგრაფიული და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი რელიეფის გათვალისწინებით, საომარი მოქმედებების დროს კასეტური იარღის გარეშე იმდღესვე უნდა ჩავბარდეთ მტერს. პირიქით, უფრო თანამედროვე და მძლავრი კასეტური იარაღია გამოსაყენებელი ანტისატანკო და ფეხოსანთა დიდი ნაწილების შემოტევების საწინააღმდეგოდ.

 

კასეტური ბომბების გამოყენება უნდა აეკრძალოს პოტენციურად აგრესორ ქვეყნებს, აი მაგალითად როგორიცაა: ირანი, ერაყი ( ერთმანეთში ომობდნენ და ერთმანეთს ართმევდნენ მიწებს) ინგლისი, საფრანგეთი, ამერიკა, რუსეთი, პაკისტანი, ინდოეთი... მაგრამ, არა საქართველოსნაირ ქვეყნებს, რომელთაც ბრძოლა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიების დასაცავდ უწევთ და არ არიან აგრესორები ( სხვის ტერიტორიაზე შემჭრელები)“

 

ისე, კარგი და სახალისო სანახავი კი იქნება, ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი კასეტურ იარაღს საქართველოს რომ აძლევს – ჩვენ აგრესორები ვართ, ეს იარაღი არ გვინდა და თქვენ უფრო გამოგადგებათო...

 

ვინმე – შავლეგო კი, სტატიაზე: “რუსეთის მოქალაქე ქართველები აფხაზეთში ვერ დაბრუნდებიან“ გამოხმაურებისას წერს, რომ საქართველომ აფხაზების ანტიქართულ განცხადებებს, სიმშვიდით უნდა უპასუხოს.

 

შავლეგო: “აფხაზების ანტიქართული განცხადებების პასუხი ჩვენი სიმშვიდე ეკონომიკური მოძლიერება უნდა გახდეს. ომითა და დივერსიული ღონისძიებებით შედეგის მიღწევა უკვე არარეალურია. დე, აფხაზურ საზოგადოებასა და რუსებს შორის გაღრმავდეს ანტაგონიზმი და ამაში არ ჩავერიოთ, მერე კი ჩვენი მოძლიერებული და ფეხზე დაყენებული საქართველო ვაჩვენოთ - ამით ტონი მაინც შეიცვლება იმათგან ჩვენთან ურთიერთობაში და სხვანაირად დაიწყება მოლაპარაკებები“

 

რუსეთი სხვა ტონით მხოლოდ და მხოლოდ იმათ ესაუბრება, ვისაც მათზე მეტი იარაღი აქვს, ან მათზე მეტი დაბოღმილი ხალხი ჰყავთ. ჰოდა, ვყოფილვართ უშანსოდ და ეგაა...

 

კვირის ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგული სტატია უდავოდ იყო, სტატია, სახელწოდებით: “მოქალაქეთა კავშირიდან „ქართულ პარტიამდე““. რომელიც, გაჩეჩილაძე–სუბარი–გუნცაძის მიერ შექმნილი ახალი პარტიის შესახებ ამცნობდა მკითხველს. ფორუმელ, ვინმე  გიოს მოვუსმინოთ:

 

გიო : “ნებისმიერი, ვინც ოქრუაშვილთან დაიჭერს საქმეს, რისკავს საკუთარ რეპუტაციას. “გრეჩიხას“ ერთადერთი კოზირი, რითიც საზოგადოების ნაწილის სიმპატიას იმსახურებდა, იყო მისი სოციალური კაპიტალი ("ადამიანია", "ალალია", "ნამდვილი თბილისელია"...). ესეც მისი და მისი ძმის თეატრალობის და რეჟისურის შედეგი უფრო იყო, ვიდრე ჭეშმარიტად დამსახურებული რეპუტაცია.

 

სხვა არანაირი ბარგის პატრონი არ ყოფილა, არც სტრატეგი, არც ანალიტიკოსი, არც პოლიტიკოსი. მაგრამ, ამ ემოციურ და ზედაპირულ საზოგადოებაში რეჟისურა, და არა შინაარსი, არის ის იარაღი რითიც საზოგადოების მართვა შეიძლება. რაც მშვენივრად მოახერხა (კარვების ქალაქი და ა.შ), თუმცა ნოლი შინაარსის ფონზე ემოციურმა მუხტმა ორთქლის გამოშვებაზე მეტი ეფექტის მოხდება ვერ შეძლო, და შედეგი ყველამ ვნახეთ“

 

გაჩეჩილაძე და სუბარი ასე თუ ისე, ვისი ვინც არიან. აი ეს გუნცაძე მაფიქრებს ნამეტნავად. დიდი მაღვალაკი ვინმე ყოფილა...

 

ფორუმელთა კვირის უმთავრესი კითხვა: მიშა უფრო დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის თუ მიშისტები?

 

FLAMOE: “ბელადომანია, რომელიც ვერა და ვერ გადავლახეთ, მუდმივად პრობლემებს გვიქმნის განვითარებისა და წინსვლის გზაზე.

ასე იყო სსრკ-ს დროსაც და დღესაც წარმატებით ვაგრძელებთ საბჭოთა ფსიქოლოგიის მონობას. “დიადი ბელადის“ მუდმივად გამართლებისა და შეუცდომლად წარმოჩინების სურვილი. ნებისმიერი სისულელისთვის ოღონდაც ბელადი გაამართლოს და მზად რომ არის ადამიანი თავიც სულელად წარმოაჩინოს.

 

ოდესმე მოეღება ნეტა ამას ბოლო? ჯანსაღი კრიტიკა და ობიექტური დამოკიდებულება, რომ შეძლოს ამ ხალხმა ოდესმე შესაძლებელია?

მიშა კონკრეტულ სიტუაციაში რაღაცას გაბერავს, ესენი უარესად არ იქცევიან, როცა ყველაფრის გამართლებას ცდილობენ?“

 

ანალოგიურად შეიძლება ითქვას ოპოზიციის კონკრეტული ნაწილის მიმართაც, მაგრამ ეს  პერსპექტიული პრობლემაა...ისე კი, უნდა ითქვას, რომ ბელადის კულტის დაკნინებას  საკმაოდ კარგად ვახერხებთ. აბა სად ზვიადის კულტი და სად მიშასი....

 

ღია შეკითხვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს.

 

ნინო დარბაისელი: “ღრმად პატივცემულო ბატონო ზაალ! მიმდინარე წელს, “გალას’’ წარმატებული ლიტერატურული პროექტების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი ბრწყინვალე, ორიგინალური ლიტერატურული პროექტი - კრებული “გალაკტიონოლოგია V” ვერ მოხვდა ნომინანტთა შორის, სამაგიეროდ მოხვდა ამავე წელს კონკურს “საბას“ მიერ დაწუნებული, კომპილაციური წიგნი ,“საუბრები ჯაზზე“ (ავტორი - კახა თოლორდავა)

 

გთხოვთ, საჯაროდ განმიმარტოთ, რა პრინციპით ხელმძღვანელობს “გალას“ ჟიური, რომელმაც ქართული ეროვნული ლიტერატურული აზროვნების ამ შენაძენს ამჯობინა თავისთავად, იქნებ არცთუ ცუდი წიგნი ჯაზზე? ხომ არ უნდა მივიჩნიოთ ეს ფაქტი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ეროვნული ღირებულებების უგულებელყოფისა და სანაცვლოდ უცხოური კულტურისადმი უანგარიშო ქედმოხრის ნიშნად, მით უმეტეს, რომ დღეს სწორედ ჯაზის თემაზე უკვე მოგვეპოვება გაცილებით მნიშვნელოვანი წიგნი ზურაბ ქარუმიძისა “ჯაზის ცხოვრება", რომელსაც წელს “საბას’’ პრემია მიენიჭა“

 

აცადეთ ბატონ ზაალს მუშაობა. რა დროს ჯაზი და გალაკტიონია! ვერ ხედავთ, თქვე დალოცვილებო, 30 კილომეტრში რუსები რომ დგანან?!.

 

ბოლოს როდის იამაყეთ, რომ საქართველოს მოქალაქე ხართ? გახსოვთ?

 

SOPHIST: “ახლა ვუყურებ ჩილელი მაღაროელების ამოყვანის ოპერაციას და ვხედავ, თუ როგორი ბედნიერები არიან ყველანი - მაღაროელები, ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და, უბრალოდ, ხალხი... ამ წუთებში მართლაც მთელი ჩილე ამაყობს იმ ადამიანებით, რომლებმაც მაღაროში ორი თვე გაძლეს და იმ ქვეყნით, რომელმაც მათი გადარჩენა შეძლო.

 

დარწმუნებული ვარ, ახლა ყველა მათგანი ამაყობს რომ ჩილეს მოქალაქეა! ამასთან დაკავშირებით დამებადა კითხვა -  ჩვენ როდის ვიყავით ამაყი ბოლოს იმით, რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ?“

 

ყოველთვის ვამაყობ. საქართველოს მოქალაქეობა 24–საათიანია, კვირაში 7 დღე.

 

ერთ–ერთი ფორუმელი უსამძიმრებს  “ედპ“-ს და “ქრისტიან დემოკრატებს“, მაგრამ თავად მისამძიმრებულები რატომღაც არ სწუხან.

 

შაქროII: “აბდუშაჰილისგან განსხვავებით, ნათელი გონება მაქვს და ნათლად მახსოვს “ქრისდემების“ და “ედპს“  ტელე–გამოსვლები – ახლა ჩვენ დავიწყეთ კონსტიტუციაზე მუშაობა… მაქსიმუმ დეკემბრის ბოლოს დამთავრდება, იანვრისთვის ალბათ მიღებული იქნება და ახალი კონსტიტუციაური რეალობიდან გამომდინარე, შეიძლება არჩევნებიც კი დაინიშნოსო.

 

მათი მხარდამჭერნი ფორუმში დიდად აქტიურობდნენ და ამბობდნენ: ეს საპარლამენტო მოდელზე გადასვლაა და ცხადია პროგრესია დღევანდელ გაფუჭებულ საპრეზიდენტო მოდელთან შედარებითო..

 

ჰოდა, რა განსვავებაა თუ იქნება საპრეზიდენტო მოდელს პლუს დაკოდილი პარლამენტი? ანდა, სუპერპრემიერი და დაკოდილი პარლამენტი? მითუმეტეს, პარლამენტს პრაქტიკულად არ რჩება მექანიზმი, შეცვალოს მის მიერვე არჩეული პრემიერი, მაშინ როცა ნებისმერ მომენტში პრემიერ-პრეზიდენტის ბედნიერ წყვილს შეუძლია გაუშვას პარლამენტი“

 

წინადადება შემომაქვს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს: “ნაციონალური მოძრაობა ჩვენი ეპოქის გონება, ღირსება და სინდისია!“

 

ანტიუტოპიური ოცნება: სამყარო - 2012

 

nikalashka: “2012 წლისთვის ობამას ადმინისტრაცია უკვე ამერიკის ეკონომიკური პრობლემების მსხვერპლი იქნება, ახალი პრეზიდენტის პოსტს კი სარა პეილინი დაიკავებს. პეილინი გამარჯვებას საშინაო პოლიტიკის საკითხებში პოპულიზმისა და საგარეო პოლიტიკის ნაციონალიზაციის წყალობით მოიპოვებს. ახალ თანამდებობას მას, პირველ რიგში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი მიულოცავენ.

 

ობამას პოლიტიკისთვის ყველაზე სერიოზული დარტყმა ირანის მიერ 2011 წელს ბირთვული იარაღის წარმატებული გამოცდა იქნება. “რესპუბლიკელები” ამით კარგად ისარგებლებენ და მთელ ამერიკას დაარწმუნებენ, რომ ირანის მიერ გასულელებული ობამა მეორე ჯიმი კარტერად იქცა. არადა, ობამას ხომ დიდი იმედი ჰქონდა, რომ ირანთან ამ საკითხში უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწევდა.

 

ირანის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდა ისრაელის პოლიტიკას კიდევ უფრო მემარჯვენეს გახდის. რაც შეეხება ჩინეთს, ის 2012 წლისთვის უმუშევრობის სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება და მისი პროდუქციის ექსპორტი მთელს მსოფლიოში კრახს განიცდის“

 

ამ დროს კი, საქართველოში 5–ჯერ შემცირდება უმუშევრობა, გაიზრდება მშობიარობის რიცხვი, მოიმატებს ხელფასები, რუსის ჯარი ჩრდილოეთში წაბუნძულდება და დიღმის დუქანში კი ხაშში უკვე სამ ხრტილიან ნაჭერს ჩააგდებენ. ისე, არ გამორიცხოთ, რომ დიღმის დუქნის შემთხვევაში, შესაძლებელია, მართალიც ვიყო...