რამდენიმე დღის წინ სიდნეის დრამატული ხელოვნების ნაციონალურ ინსტიტუტ "ნიდაში" ჰოლივუდის ავსტრალიელი კინოვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი გვეწვია. სტუდენტები მას შენობის შესასვლელთან დავხვდით და ყვავილები მივართვით. ნიკოლს თვალზე ცრემლი მოადგა და გვითხრა: "ნიდა" ჩემი სახლია, თქვენ კი ჩემი ოჯახის წევრები ხართო. ჰოლივუდის ავსტრალიელმა ვარსკვლავმა "ნიდაში" სტუდენტებს მასტერკლასი ჩაგვიტარა. მე მოვახერხე მასთან გასაუბრება და აღმაფრთოვანა მისმა უშუალობამ, გულწრფელობამ და თავმდაბლობამ. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ნიკოლ კიდმანთან.
- ვოცნებობდი, "ნიდაში" თქვენს მასტერკლასს დავსწრებოდი. თვითონ როგორ გაიხსენებთ აქ გატარებულ სტუდენტურ წლებს?
- მსიამოვნებს ამის მოსმენა. სხვათა შორის, "ნიდაში" რომ ვაბარებდი, მეგონა, ვერ მოვეწყობოდი, რადგან ვფიქრობდი, შეუხედავი ვიყავი: ზედმეტად მაღალი, ძალიან თეთრი, ჭორფლიანი, მაღიზიანებდა ჩემი წითური, ხუჭუჭი თმაც (იცინის). თუმცა გამოცდაზე კომისიის წევრებს მოვეწონე და "ცეცხლი" შემარქვეს. თავდაპირველად გამიჭირდა ჯგუფელებთან ურთიერთობის დამყარება. ხმას არავის ვცემდი, ძალიან მორცხვი ვიყავი. შემდეგ ჯგუფელებს დავუახლოვდი და ისე დავმეგობრდით, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. თუმცა გართობისთვის მაინც ნაკლები დრო მრჩებოდა, რადგან სწავლასთან ერთად ვმუშაობდი.
- რას აკეთებდით?
- 18 წლის ვიყავი, მასაჟისტად რომ დავიწყე მუშაობა. ამისთვის სპეციალური კურსებიც გავიარე. იმხანად ჩემს ოჯახს ფინანსურად უჭირდა, დედას კი მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ ვმუშაობდი და ოჯახს ვეხმარებოდი.
- როგორ ფიქრობთ, წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო?
- პირველ რიგში, საკუთარ შესაძლებლობებში უნდა დარწმუნდე. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ნებისყოფა და მიზანდასახულობა. გზაზე შეიძლება ბევრი დაბრკოლება შეგხვდეს და უკან არ უნდა დაიხიო. ბავშვობაში მამა მარიგებდა, მიღწეულით არასდროს დაკმაყოფილდე, დაივიწყე წარმატება და ახალ გამარჯვებაზე იფიქრეო.
- თქვენ ძალიან კარგად მღერით. ეს მხოლოდ გატაცებაა?
- ბავშვობიდან ვმღერი. ბედნიერი ვარ, როცა ნიჭიერ მუსიკოსებთან მიწევს მუშაობა. ძალიან სასიამოვნო იყო რობი უილიამსთან მუშაობა სიმღერაზე "Something Stupid". როცა კარგ გუნებაზე ვარ, ჩემთვის ვღიღინებ. ჩემს პატარებსაც ვასწავლი სიმღერებს და ძილის წინ ვმღერით ხოლმე.
- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.
- მყავს მეუღლე და 4 შვილი. ისინი ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია. იზაბელა-ჯეინი და კონორ-ენტონი მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ - მსახიობმა ტომ კრუზმა ვიშვილეთ. ჩემს ახლანდელ მეუღლესთან, მუსიკოს და მომღერალ კიტ ურბანთან კი ორი ქალიშვილი მყავს - სანდეი-როუზი და ფეიტ-მარგარეტი. მე და კიტმა გოგონებს ჩვენი ბებიების სახელები დავარქვით. როუზი კიტის ბებიას ერქვა, მარგარეტი კი - ბებიაჩემს. პატარებთან დიდ დროს ვატარებ. მიყვარს მათთან ერთად დაჭერობანას თამაში. მეუღლისა და შვილების გამო ყველაფერს დავთმობ, ოჯახი ჩემთვის უპირველესია.
- რა არის ნიკოლ კიდმანის სილამაზის საიდუმლო?
- (იცინის) დედამ სახის კანის მოვლის უმარტივესი რეცეპტი მასწავლა და თქვენც გაგიმხელთ: ორი კვერცხის გული ცილის გარეშე აურიეთ ორ კოვზ მაწონში, ნიღაბი სახეზე რამდენიმე წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამით კანი დატენიანდება და გამოცოცხლდება.
- ჰოლივუდის ავსტრალიელი ვარსკვლავებიდან ვისთან მეგობრობთ?
- ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით ახლოს კი რასელ ქროუსთან ვარ. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია. ყოველთვის გვერდში მიდგას. მე და რასელი ოჯახებთან ერთად, ტრადიციულად, სიდნეიში ვხვდებით ყოველ ახალ წელს. რასელ ქროუ ძალიან კეთილშობილი ადამიანია, არასდროს გიღალატებს.
- ცოტა ხნის წინ შევხვდი თქვენს დას - ანტონია კიდმანს და მისგან შევიტყვე, რეჟისორობაზე რომ ფიქრობთ. მას ვუთხარი, კარგი იქნება, ნიკოლი ჩემს ულამაზეს სამშობლოში - საქართველოში თუ გადაიღებს ფილმს-მეთქი.
- როგორც ვატყობ, თქვენ და ანტონია უკვე მოლაპარაკებულხართ (იცინის). დარწმუნებული ვარ, თქვენი ქვეყანა, საქართველო ძალიან ლამაზი და საინტერესოა. ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება!
ცნობისათვის
ნიკოლ კიდმანი (დაიბადა 1967 წლის 20 ივნისს) პირველი ავსტრალიელი "ოსკაროსანი" მსახიობია ("ოსკარი" "ქალის საუკეთესო როლისთვის". 2002 წელი), მიღებული აქვს 3 "ოქროს გლობუსი" (1996, 2002, 2003 წლები). ჰოლივუდის დიდების ხეივანს მისი ვარსკვლავი ამშვენებს. კიდმანმა პოპულარობა მოიპოვა ფილმებით: "მულენ რუჟი", "ცივი მთა", "თარჯიმანი", "დოგვილი" და სხვ. 2004 წელს მას "მსოფლიოს მოქალაქის" ტიტული მიანიჭეს. მსახიობი აქტიურად მისდევს ქველმოქმედებას, მფარველობს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და მკერდის კიბოთი დაავადებულებს.