"გაზის ტრანსპორტირების კომპანია" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, თბილისის რამდენიმე უბანში ბუნებრივი გაზის ჭარბი ოდორიზებით გამოწვეულ მკვეთრ სუნთან დაკავშირებით. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” მოახდინა მყისიერი რეაგირება და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ არსებობს.
ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 11 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირადად გადაამოწმეს შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და სხვა თანამშრომლებმა. ისინი ყველა იმ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, რომლებშიც პაციენტები იყვნენ განაწილებული და პირადად გადაამოწმეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ არც ერთ შემთვევაში არ დადასტურებულა ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაცია და პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ყველა მათგანი გაწერილია სახლში.
აღსანიშნავია, რომ ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი აირისათვის სპეციფიური სუნის მისაცემად.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისათვის ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის პროცესი მექანიკურად, პასუხისმგებელი ოპერატორის მიერ ხორციელდება, თუმცა უახლოეს მომავალში ყველა საკვანძო გაზგამანაწილებელი სადგური ეტაპობრივად ოდორიზაციის ავტომატიზირებული სისტემით აღიჭურვება, რაც გამორიცხავს ბუნებრივ გაზში ოდორანტის ჭარბი რაოდენობით მოხვედრას, - ნათქვამია განცხადებაში.