ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა წოწერია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის ბრალდებებს პასუხობს.
წოწერია რულოსვთან შეხვედრის შემთხვევაში სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ ყველა დაწყებული პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება.
„რულოვსი სხვა სოფლებშიც იყო და ჩაატარა შეხვედრები, თუმცა დაწყებული პროექტები არსად შეჩერებულა. ეს ინფორმაცია ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია“, - აღნიშნა წოწერიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ხელისუფლებას მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც რულოვსმა სოფელ გრიგოლიშში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ გვიან ღამით სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა სოფლის მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ თუ სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე მივიდოდნენ, სოფელში დაწყებული გზის მშენებლობა შეჩერდებოდა.
„თქვენ ხედავთ, რომ შეხვედრაზე ცოტა ხალხია მოსული, ეს არა იმიტომ, რომ აქ ცოტა ოჯახი ცხოვრობს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარომადგენლები და მმართველი პარტიის წევრები მოვიდნენ წუხელ ამ სოფელში და უთხრეს მოსახლეობას, რომ თუ შეხვედრაზე მოვიდოდნენ, გზას აღარ დააგებდნენ გრიგოლიშში. ასეთი სულელური მიდგომებით ძალიან დავიღალე უკვე. ხალხიც მგონი მიხვდა, რომ მსგავსი მიდგომებით ვერაფერს მიაღწევენ“, - განაცხადა რულოვსმა.