პაატა ბურჭულაძე - დღეს მთავრობის შენახვა მოსახლეობას ბიუჯეტიდან 3 მილიარდი ლარი უჯდება

პაატა ბურჭულაძე - დღეს მთავრობის შენახვა მოსახლეობას ბიუჯეტიდან 3 მილიარდი ლარი უჯდება

მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ წინასაარჩევნოდ ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს განაგრძობს. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, ამჯერად პაატა ბურჭულაძე გუნდთან ერთად წალკას და ბოლნისს ესტუმრა. 
ადგილობრივებთან შეხვედრაზე პარტიის წევრმა ირაკლი ყიფიანმა მოსახლეობას ის ეკონომიკური და სოციალური პროგრამა გააცნო, რაც ქვეყანაში გაჭირვების დონეს საგრძნობლად შეამცირებს და სოციალურად დაუცველებს დახმარებას გაუზრდის. 

მისი განცხადებით, პარტიის პროგრამის მიხედვით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დახმარება გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ 4 წელი და დაუფინანსდებათ მედიკამენტების შესყიდვა.

”დღეს მთავრობის შენახვა მოსახლეობას ბიუჯეტიდან 3 მილიარდი ლარი უჯდება, ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს იმ პირობებში, როდესაც მთავრობა მხოლოდ პირად კომფორტზე და ძვირადღირებულ ავტომობილებზე ფიქრობს. აუცილებელია არამიზნობრივი და ბიუროკრატიული ხარჯები 1.5 მილიარდი ლარით შემცირდეს და ეს ხარჯები გაჭირვებულ მოსახლეობს მოხმარდეს. პარტიის სოციალური პროგრამა რომელიც არჩევნების მეორე დღესვე ამოქმედდება, 4 წლის თავზე სოციალურად დაუცველთა რაოდენობას 350 000-ით შეამცირებს“, - განაცხადა ბურჭულაძემ. 
მოსახლეობას სიტყვით მიმართა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა პავლე ადუაშვილმაც.