დიდხანს ვფიქრობდი, ვინ უფრო პოპულარულია საქართველოში: მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი თუ გივი სიხარულიძე. ფაქტია, რომ სამივე ლამის ერთი სიხშირით ჩანს ჩვენს ტელევიზიებში.
ვისი დადგმული შოუ უფრო კარგად საყურებელი და გასართობია? ამის გადაწყვეტა კი თქვენთვის მომინდვია. პოეტი, პროზაიკოსი, მოცეკვავე, მსახიობი, აშუღი, კოლორიტი - ასე მოიხსენიებენ ტელევიზიებში გივის. ის ყველა შოუში ყველაზე პოპულარული რესპონდენტია. არასოდეს ეზარება იმის მოყოლა, როგორ გადაფრინდებოდა ხოლმე საბჭოთა კავშირის დროს 37 მანეთად მოსკოვში, სადაც რუს ქალბატონებთან არაჩვეულებრივ დროს ატარებდა. მისი მოყოლილი კურიოზები რომ მოისმინოთ, ვერასოდეს მიხვდებით, სად იწყება სიმართლე და სად მთავრდება ტყუილი. იქნებ არც იტყუება და ერთხელ მართლა ესროლა მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, მეორე სართულიდან ძმაკაცს რუსი გოგონა?! მართალია, მერე ეს გოგონა დიდხანს მკურნალობდა, მაგრამ ხალხი მაინც გააცინა. გივი სიხარულიძის მოყოლილი კურიოზებიდან ყველაზე მეტად მაინც ერთი დამამახსოვრდა - როგორ დაულია ერთ-ერთ ქალბატონს იმ ჭიქიდან ღვინო, სადაც მისი გარდაცვლილი მეუღლის კრემაციის შედეგად დარჩენილი ფერფლი ინახებოდა. შემდეგ კი, ყველა ნახვაზე, ქალბატონი გივის მუცელზე ეფერებოდა, რათა პოლკოვნიკ ქმართან სიახლოვე ეგრძნო. მისი ლექსებიდან ყველაზე პოპულარული მაინც ერთია. ვისთვის არ წაუკითხავს საფირმო "ვეღარ გამიგია, მძულხარ თუ მიყვარხარ". ვისთვის არ დაუჩოქია ამ ლექსის კითხვისას ეთერში და მაყურებელიც კიდევ ერთხელ აუღელვებია. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შუაღამისას რომ გააღვიძო, ამ ლექსს ზეპირად იტყვის. პოპულარული მეგობრები ჰყავს: ეთერ კაკულია, ლალი მოროშკინა და მრავალი სხვა, ვისთან ერთადაც ხშირად დადის თოქ-შოუებში და პრესაში მათთან საერთო ინტერვიუებიც იბეჭდება. ერთი წლის წინ "ფეისბუქზე" ახალი გვერდი გაჩნდა - "გივი ჩაკნორის სიხარულიძე", სადაც "მადლიერი" ერის მხრიდან გადაკეთებული აფორიზმების და ხუმრობების ზღვა წამოვიდა: გივისთან მუჰამედი და მთა ერთად მივიდნენ… გივი ხერხსაც ჯობია… ერთადერთი მწვერვალი, რომელიც ჯერ ალპინისტებს არ დაუპყრიათ, გივის აქვს… გივიმ მარკ ცუკერბერგის პაროლი იცის… გივი ქალიშვილობის ინსტიტუტში საკურსოებს იბარებს… გივის შეუძლია, ბარსელონას ჰიმნი ბერნაბეუზე იმღეროს… გივიმ წნორის მილანზე დადო და მოიგო… გივის შეუძლია, მოდელირებულ ქრონიკას უყუროს და არ შეეშინდეს… და მრავალი სხვა, მაგრამ ცნობილი კოლორიტი არც კრიტიკაზე ნერვიულობს და იმით არის ბედნიერი, რომ ქუჩაში მიმავალს ადამიანები სიყვარულის კოცონს უნთებენ და თავად კი ჭიაკოკონას ახვედრებს. განსაკუთრებულად შთამბეჭდავია მისი ბოლოს მოყოლილი კურიოზი, როგორ გადაურჩა სიკვდილს. კუს ტბაზე მორბენალი გივი ერთ-ერთ მონადირეს კინაღამ შემოაკვდა. მიზეზი ყველას გაგაოცებთ: გამოცდილ მონადირეს ცნობილი აშუღი შველი ეგონა. მის შთამბეჭდავ რეგალიებს ამჯერად შველის სტატუსიც შეემატა. რატომ არის პოპულარული გივი? აკრიტიკებენ, მაგრამ მაინც უყურებენ; აღიზიანებთ, მაგრამ მაინც ყველამ იცის, ვინ არის გივი. საქართველოში ხომ ორი პოპულარული გივია: ერთი "ცისფერი მთების", რომელიც არასოდეს ჩანს და მეორე ცნობილი (კიდევ თავიდან ნუ ჩამომათვლევინებთ მის რეგალიებს). ხანდახან ვფიქრობ, საქართველოში რომ 25 არხი არსებობდეს, მაინც მოახერხებდა ყველა არხზე მისულიყო, ლექსი ეთქვა, ეცეკვა, ემღერა, წამყვანისთვის დაეჩოქა და არ დაღლილიყო. იქნებ მისი პოპულარობის საიდუმლოც ამაშია… |