ბოსნიის ქალაქ ვიშეგრადში სრული სვლით მიმდინარეობს კოლოსალური ქვის ქალაქის მშენებლობა. მისი მასშტაბები დღითიდღე იზრდება და მალე მდინარე დრინს მიუახლოვდება. ამ უჩვეულო მშენებლობის ინიციატორი, ცნობილი სერბი კინომოღვაწე, რეჟისორი და სცენარისტი ემირ კუსტურიცაა, რომელიც ქვის ქალაქის დეკორაციად გამოყენებას ისახავს მიზნად, თავის ახალ ფილმში,- „ხიდი დრინზე“.
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. სცენარი დაწერილია ნობელის პრემიის ლაურეატის ივო ანდრიჩის წიგნის „დრინის ხიდის“ მიხედვით. რომანში მოქმედება აღნიშნულ ქალაქში მიმდინარეობს. ის დროის საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავს. დრინის ხიდის მშენებლობიდან სარაევოს გასროლამდე. პრინცი ფერდინანდის მკვლელობისა და პირველი მსოფლიო ომის დაწყების ფრაგმენტებით.
„დრინის ხიდში“ დახატულია სურათი, სადაც სხვადასხვა ადამიანები მოჩვენებითი ლოიალურობისა და შემწყნარებლობის მიუხედავად ერთმანეთს ვერასდროს ეგუებოდნენ. ქალაქში მშვიდობა მუდამ სხვათა ხელში იყო: ჯერ თურქები, მერე ავსტრიელები. სიტუაცის ადგილობრივები არასდროს მართავდენ. როგორც კი შესუსტდა გარე მართველების ზეგავლენა, როგორც კი უცხოელმა ბატონებმა აღარ, ან ვეღარ მოიცალეს მათთვის, მყიფე ერთობა დაირღვა, გაცამტვერდა და დრინის ხიდიც ჩამოიშალა.
როგორც ცნობილია, ქვის ქალაქის მშენებლობა კუსტურიცას 15 მილიონი ევრო უჯდება, შენობის საერთო ფართობი 18 ათასი კვადრატული მეტრია. მოსალოდნელია, რომ გადაღებების დასრულების შემდეგ ეს ქალაქი ტურისტულ მექად იქცეს. ორგანზატორების გამოთვლებით ნაგებობა წელიწადში სამასიათას ტურისტს მოიზიდავს. უნდა აღინიშნოს, რომ კუსტურიცამ ადრეც ააშენა სოფელი დრვენგრადი, რომელიც მოგიანებით კინომოყვარული ტურისტების საყვარელი ადგილი გახდა.