ქართული ტაძრის სომხურად გამოცხადების მორიგი მცდელობა

ქართული ტაძრის სომხურად გამოცხადების მორიგი მცდელობა

სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, ხუთდღიანი ვიზიტით საქართველოში გარეგინ II უნდა ჩამოსულიყო. ეს ინფორმაცია ისევეა სწორი, როგორც ახტალას მონასტრის სომხური წარმომავლობა, რის დამტკიცებასაც ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები ცდილობენ. 

22 ოქტომბერს, საღამოს საქართველოში სომხეთის საელჩოს ტელეფონით დავუკავშირდით და დავინტერესდით, აპირებდა თუ არა ჩამოსვლას სომხეთის ეკლესიის მეთაური. გვითხრეს, “გარეგინ II 23–ში საქართველოში არ ჩამოდისო“. 

ქართულმა სააგენტოებმა – “პირველმა“ და “ინტერპრესნიუსმა“, სომხურ მედიაზე დაყრდნობით, 5 ოქტომბერს გაავრცელეს ინფორმაცია გარეგინ II–ის მოსალოდნელ სტუმრობაზე, რომლის მიხედვით, ვიზიტის ფარგლებში გარეგინ II სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოში სომხური ეკლესიების მოქმედების პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს განიხილავდა. 

წმინდა ეჩმიადინის პრეს-კანცელარიის უფროსმა, ეპისკოპოსმა არშაკ ხაჩატრიანმა, სომეხ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: 

“საქართველოს კანონმდებლობით, სომხურ სამოციქულო ეკლესიას იურიდიული სტატუსი არა აქვს. საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს, სომხურმა ეკლესიებმა საკუთარი საქმიანობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორმატში განახორციელონ. გარეგინ II-სთვის საქართველოში არსებული სომხური ეკლესიების მდგომარეობის ირგლივ მოლაპარაკებებს ყოველთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ საკითხს იგი საქართველოში ვიზიტის ფარგლებშიც დააყენებს“. 

საქართველოში სომხური ეკლესიები საკუთარ საქმიანობას, რომ ახორციელებენ, ამას, როგორც ხედავთ, თავადაც არ უარყოფენ, მაგრამ იმაზე აღარაფერს ამბობენ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე, ისტორიულად ქართულ მიწაზე, არც ერთი ქართული ტაძარი არ ფუნქციონირებს. მეტიც, ქართულის სომხურად გამოცხადების და კურთხევის მცდელობა ხდება. 

ახლახანს,  ისტორიულ ლორეში, რომელიც ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზეა, ჩვენი სამონასტრო კომპლექსის – ახტალას მონასტრის მითვისების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 14 სექტემბერს მთავრობის და ეკლესიის წარმომადგენლებმა ერთობლივ პრეკონფერენციაზე განაცხადეს, რომ 19–ში ახტალას მონასტერს სომხურად აკურთხებდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდეს მოსაწვევები, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელს სომხური ეკლესიის წარმომადგენელიც აწერდა. 

ამ ინფორმაციამ საქართველოს საპატრიარქომდეც მოაღწია. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ მეზობელი სომხების ამ განზრახვისთვის ხელის შეშლას. აღმოჩნდა, რომ ქართული სამონასტრო კომპლექსის სომხურად გამოცხადების საქმეში, სომხეთის ხელისუფლების პირველი პირებიც იყვნენ ჩარეულები. შესაბამისად, აუცილებელი გახდა საქართველოდანაც ჩარეულიყვნენ, ხელისუფლების სათავეში მყოფნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, 19 სექტემბერს, სომხეთის სალჩოსთან ქართველი ახალგაზრდები საპროტესტო გამოსვლას იწყებდნენ. 

საქართველოს საპატრიარქოს აქტიურობამ და მოსალოდნელმა საპროტესტო აქციამ, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები აიძულა ამ პრობლემის მოგვარებაში ჩარეულიყვნენ, რამაც საბოლოოდ დადებითი შედეგი გამოიღო. ჩვენმა მეზობლებმა ქართული ტაძრის სომხურად კურთხევაზე უარი თქვეს, მაგრამ 19 სექტემბერს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო სეირნობის მოწყობა გადაწყვიტეს.  

ახტალაში, რომელიც თბილისიდან დაახლოებით ორსაათნახევრის სავალზეა, 19 სექტემბერს, ინტერნეტ–ტელევიზია itv.ge–ს გადამღები ჯგუფი დათქმულ დროზე ადრე ჩავიდა. იმაზე, თუ რა ვითარება დახვდათ ქართული სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და რა მდგომარეობაშია ტაძარი, პრესა.გე ტელე–ოპერატორ აკაკი პერტაიას ესაუბრა: 

“ქართული ტაძრის სომხურად გადანათვლისთვის ემზადებოდნენ. ტაძარი ღია იყო. თავიდან შიგნით ერთი მღვდელი და ორი დამხმარე იყვნენ; ხალიჩა გაშალეს, საკურთხეველთან პატარა მაგიდა დაგდეს. ხალხმა ნელ–ნელა მოგროვება დაიწყო. ხელში მოსაწვევები ეჭირათ. იქ მყოფი ადამიანები ამბობდნენ, ტაძარი უნდა გადავნათლოთო. თავიდან არაფერს გვეუბნებოდნენ და ფეხდაფეხ დაგვყვებოდნენ. მოგვიანებით დაინტერესდნენ ვინ ვიყავით, იქ რა მიზნით ჩავედით. 

ტაძრის შიგნით სომხური ეკლესიის მღვდელთან ინტერვიუ ჩავწერეთ. მან თქვა – “მე აქ დავდივარ, მაგრამ წირვას ვერ ვასრულებ, რადგან უფლება არ მაქვს; ველოდით რომ ტაძარი გადაინათლებოდა, მაგრამ დღეს ეს რატომღაც გადაიდოო.“ 

ტაძარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია – ფრესკები ალაგ–ალაგ ჩამოფხეკილია; ბევრგან წყალი ჩამოდის; გუმბათი მოხსნილია და კუსტარულადაა გადახურული; კედლებზე, კარზე ბალახია ამოსული – უპატრონო სახლს ჰგავს, სადაც კაცი არ შედის და ყველაფერს ხავსი ედება. სამონასტრო კომლექსი დანგრეულია და ზედ ეკალ–ბარდებია ამოსული. ჩვენ რომ მივედით, გვეგონა ეზოს ასუფთავებდნენ. არადა თურმე, პატარ–პატარა ხეების მოჭრა მწვადის შესაწვავად იყო გამიზნული. 

ეზოში სპეციალური სცენა მოაწყვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები, იქაური პარლამენტარები, ბიზნესმენები მოვიდნენ. ვიღაცეებს სიგელები გადასცეს. შემდეგ ტრადიციული სიმღერები ჩართეს და ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა ცეკვა–თამაში დაიწყეს. მწვადიც იქვე შეწვეს და ამ ყველაფერს დაარქვეს სახალხო სეირნობა“. 

აკაკი პერტაია ახტალას მონასტრის ეზოში მყოფი ადამიანების განწყობას ასე გადმოგვცემს: 

“ასე ჰგონიათ, თუ სპეციალურად ამბობენ, არ ვიცი, მაგრამ ინტერვიუებსა და პირად საუბრებში იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ ახტალას მონასტერი ისტორიულად მათ საკუთრებას წარმოადგენდა. ტაძრის შიგნით დაკრძალული მელიქიშვილების საფლავზე ქართული წარწერები, რომ ვნახეთ და ვუთხარით, ესენი ხომ მაინც ქართველები არიან–თქო, ამაზე მოგვიგეს – “სომეხი მელიქიანები არიან, რომლებიც აქედან საქართველოში წავიდნენ, იქ იბატონეს, შემდეგ დაბრუნდნენ და აქ დავკრძალეთო.“ 

როცა ტაძარს შიგნიდან, ტელე–კამერით ვიღებდით, იქ მყოფთაგან ერთ–ერთი მოგვიახლოვდა – რატომ იღებთ, რისთვის გჭირდებათო. როცა ავუხსენით, რომ ეს იყო ქართული ტაძარი, რომ ჩვენ საქართველოდან ჩამოსულები ვიყავით და ტაძრის შესახებ სიუჟეტის მომზადებას ვაპირებდით, გაღიზიანდა – “ეს ქართველების არ არის, ოდითგან ჩვენია და ჩვენი იქნებაო.“ როცა ჩვენმა ჟურნალისტმა უთხრა, “სომხური როგორ არის?! თბილისში არ ყოფილხართ, განსხვავებას ვერ ხედავთო?“ მოგვიბრუნდა და “თბილისში რაც ეკლესიებია, ყველა სომხურია, ქართულად გადაკეთებული. დრო მოვა და ყველაფერი თავის ადგილას დადგებაო“. 

ის, რაზეც აკაკი პერტაიამ ჩვენი თხოვნით გიამბოთ (დამხვდურების განწყობა, ტაძარში და მის გარშემო არსებული ვითარება), ვიდეო–კადრებშია ასახული და ინტერნეტ–ტელევიზიის არქივში ინახება. 

ისტორიულ ლორეში, ახტალას მონასტრის მნიშვნელობაზე და მის ისტორიაზე, გთავაზობთ ხელოვნებათმცოდნე ზაზა სხირტლაძის ვრცელ კომენტარს: 

“ახტალა – საეპისკოპოსო კათედრა, რომლის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მას სწორედ აქ დაუარსებია აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ქვემო ქართლის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს  სასულიერო კერად ასწლეულების მანძილზე რჩებოდა. 

მოგვიანებით, IX-X  საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა, მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920–იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. 

მისი აღმავლობის ხანა  XIII საუკუნის დასაწყისია, როდესაც წმინდა მეფე თამარის თანადგომითა და საქართველოს სამეფო კარის დიდმოხელეთა – ივანე მხარგრძელისა და მისი ძის, ავაგის ღვაწლით, მონასტრის ახალი აღმშენებლობის ეტაპი იწყება (ორივე – როგორც ივანე, ისე ავაგი, კომპლექსის მთავარი ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთ ეკვდერშია დაკრძალული). სწორედ მხარგრძელთა გვარის საქტიტორო მოღვაწეობას უკავშირდება მონასტრის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი, რომლებიც XIII-XIV საუკუნეებშია აგებული. 

კომპლექსის მთავარი ეკლესია XIII საუკუნის  ოციან წლებში აიგო. ტიპოლოგიურად (გეგმა, პროპორციები, ინტერიერის გადაწყვეტა, ფასადების დეკორაციული მორთულობის პრინციპი) იგი ქართული ჯვარ–გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლთა იმ რიგში დგას, რომელიც XI საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ჩათვლით გვხვდება. ამასთან, ცალკეული არქიტექტურული თავისებურებები ახტალის მონასტრის მთავარ ტაძარს უკავშირებს XII-XIII საუკუნეების მიჯნის გუმბათიან ეკლესიათა ჯგუფს (ბეთაია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი). 

ახტალაში ქართულიდან სომხურად ითარგმნებოდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ქართული წარწერები, რომლებიც მრავლადაა მონასტრისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე, ცხადყოფს მონასტრის ინტენსიურ ცხოვრებას. 

ბოლო ხანების კვლევის საფუძველზე დადგინდა მონასტრის ტიპიკონიც, რომელმაც ჩვენამდე ფრაგმენტურლი სახით მოაღწია. ახტალას ეკლესიის მოხატულობა მაღალპროფესიული ოსტატების მიერ შექმნილი ანსამბლია, რომელიც დღესაც, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებებისა, შთამბეჭდავია თავისი მასშტაბებითა და მხატვრული გადაწყვეტით. მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაში საგანგებოდაა წინწამოწეული საქართველოს ეკლესიის წმინდანთა თემა; გამოსახულნი არიან: წმინდა ნინო, წმინდა იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრე; აგრეთვე, წმინდა ევფთვიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმინდა ილარიონ ქართველი. 

XIV საუკუნიდან ახტალა მიტროპოლიტის კათედრა გახდა. მონასტრის განახლების კიდევ ერთი ეტაპი XVIII საუკუნის მიწურულია, როდესაც მეფე ერეკლე II-მ, ომარ ხანის შემოსევის შემდეგ, სპილენძითა და ვერცხლით მდიდარ ამ ადგილში ბერძნები ჩამოასახლა, სამთამადნო წარმოების კვლავ ასაღორძინებლად. 

საქართველოში სამეფო ხლეისუფლების გაუქმებისა და რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ, 1802 წლიდან ახტალა კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიების ცენტრი გახდა. მონასტერი XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ადგილობირივი მმართველების – მელიქიშვილების განსასვენებელი იყო. აქ შემდგომ ხანებშიც იკრძალებოდნენ ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენლები. 

XX საუკუნის ოციანი წლებიდან მოყოლებული, ახტალა ამ კუთხის სხვა ძველ ქართულ ეკლესიებთან და მონასტრებთან ერთად, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და დღესაც მის ფარგლებში შედის.    

ახტალას მონასტრის შესახებ არსებული პუბლიკაციები (ცნობები, მასალები, გამოკვლევები) ეხება მონასტრის, როგორც ისტორიას, ისე მის ეპიგრაფიკას, კომლექსის არქიტექტურასა და ფრესკებს. ამ მდიდარი მასალის წარმოდგენისა და ინტერპრეტაციისას, პუბლიკაციათა ერთი ნაწილი აშკარა ტენდენციურობით გამოირჩევა და ზოგჯერ გარკვეულწილად პოლიტიკურ ელფერსაც იძენს. 

ბოლო ათწლეულების მანძილზე ახტალის მონასტერში სომეხი მეცნიერები და რესტავრატორები მუშაობდნენ. ტაძრის არქიტექტურისგან განსხვავებით, მისი ფრესკების რესტავრაციის არაპროფესიული მიდგომის გამო, აქ ბევრი რამ გადაიწერა, რის გამოც ფერწერული ანსამბლის საერთო მხატვრულ სახეში მრავალი რამ ფაქტობრივად საბოლოოდ დაიკარგა“.