დიდ ბრიტანეთში ჯეკ უაიტი გალიდერდა

დიდ ბრიტანეთში ჯეკ უაიტი გალიდერდა

დღეს დილით გამოცემამ “Official Charts Company” წინა კვირის მუსიკალური ალბომების ბრიტანული ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა.

ამ ჩამონათვალის პირველ პოზიციაზე გასულ წელს დაშლილი ჯგუფის “The White Stripes” ლიდერი ჯეკ უაიტის სადებიუტო სოლო ალბომი “Blunderbuss” აღმოჩნდა. ამ ნამუშევარმა დღის სინათლე წინა კვირას იხილა და მეორე საფეხურზე განთავსებულ ადელის დისკს “21” მნიშვნელოვნად გაუსწრო. საპატიო მესამე ადგილზე ამერიკელი მომღერალი ლანა დელ რეის ალბომი “Born To Die” გავიდა.

“The White Stripes”-ის დაშლის მიუხედავად უაიტმა მუსიკალური კარიერა მაინც გააგრძელა, ის ამჟამად ჯგუფებში “The Raconteurs” და “The Dead Weather” გამოდის.

კომპოზიციების ბრიტანულ რეიტინგში პირველობა მომღერალი კარლი რეი ჯეპსენის სიმღერამ “Call Me Maybe” არავის დაუთმო. მეორე პოზიციაზე კალვინ ჰარისის სინგლი “Let's Go” აღმოჩნდა, მესამეზე კი დუეტი Fun-სა და ჯანელ მონეს კომპოზიცია “We Are Young” გავიდა.