Playboy-ის შემქმნელმა ჰიუ ჰეფნერმა საკუთარი ჟურნალის გვერდებზე ახალი სექსუალური მანიფესტი გამოაქვეყნა. მანიფესტში ის თავს აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას ესხმის. ჰეფნერი ამბობს, რომ ამერიკელი რესპუბლიკელები ყველა "საძინებლის კარზე აკაკუნებენ", ამის უფლება კი არავის აქვს.
მამაკაცების ჟურნალის შემქმნელმა საკუთარი შეხედულებები სტატიაში განავრცო, რომელიც Playboy-ის მაისის ნომერში გამოქვეყნდება.
"რესპუბლიკელმა რონ პოლმა განაცხადა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ამორალური არ არის, მაგრამ მათი გამოყენების სურვილი ამორალურია. ხოლო მიტ რომნი ერთსქესიანთა ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებას შეგვპირდა", - აღნიშნა მან.
"თუ ეს ფანატიკოსები საკუთარ გეგმებს განახორციელებენ, დიდი შრომით მოპოვებული სექსუალური თავისუფლებები - ქალის უფლებები, რეპროდუქციული უფლებები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება - საფრთხის წინაშე დადგება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - წერს ჰიუ ჰეფნერი.
Playboy-ის შემქმნელი აღნიშნავს, რომ "ბოლო დროს სექსთან დამოკიდებულება იმდენად შეიცვალა, რომ მისმა ოდესღაც მოწინავე ჟურნალმა აქტუალობა დაკარგა".