“მოღალატე”  “ძმაკაცები”

“მოღალატე” “ძმაკაცები”

ცნობილი კინომსახიობები და მომღერლები საზოგადოების იმ ნაწილს წარმოადგენენ, რომელთა თითოეული ნაბიჯი ყველასათვის მისაწვდომი ხდება. ჟურნალისტთა საძმოს ყველაზე გაბედული ნაწილი, ე. წ. “პაპარაცები” ლუკმა პურს სწორედ რომ პოპულარული ადამიანების პირად ცხოვრებაში ზედმეტად ცხვირის ჩაყოფით შოულობენ. მსოფლიო შოუ-ბიზნესში დღეს აღარავის უკვირს, რომ მავანი და მავანი “სელებრითი” ცოლ-ქმრული ერთგულებით არ გამოირჩევა და საკუთარ მეორე ნახევარსაც ვადაგასული ხელთათმანებივით იცვლის. 

ანალოგიური “საქციელი” ქართული შოუ-ბიზნესის ელიტის ზიგიერთი წარმომადგენლისათვისაც უცხო არ არის, მაგრამ ჩვენში ადგილობრივი “პაპარაცების” ინსტიტუტი სათანადო დონეზე არ არის განვითარებული. ამის გარდა, საქართველოში ჩამოყალიბებულ ოჯახურ ტრადიციებს უფრო დიდ პატივს სცემენ, ვიდრე “დამპალი კაპიტალიზმის” ქვეყნებში. რასაკვირველია, ქართველი “სამაგალითო” ქცევით “სელებრითების” ნაწილიც ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ეს ყველაფერი ფარულად და უცხო თვალის ჩაურევლად მიმდინარეობს. არ ვაპირებ თანამემამულე პოპულარული პიროვნებების პირადი ცხოვრების ჩხრეკვას. სამაგიეროდ მათ უცხოელ კოლეგებზე დღევანდელ წერილში ვისაუბრებ და რამდენიმე “გახმაურებულ” ისტორიასაც გავიხსენებ.
  
ძმაკაცისათვის ან ახლობელი ადამიანისათვის ცოლის ან შეყვარებულის წართმევა არაკაცურ საქციელად ითვლება და ამისი ჩამდენი, “კაცურ” გაგებაში ნებისმიერი საზოგადოების სამართლიან წყრომას იმსახურებს. ამის მიუხედავად, შოუ-ბიზნესის მრავალი წარმომადგენელი ამას ზედაც არ უყურებს და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ქცევის კოდექსით საზრდოობს.

წინა საუკუნის 60-იანი წლებში, უფრო ზუსტად კი 1966 წლის შემოდგომაზე, “ბითლზის” წევრი ჯორჯ ჰარისონი ვინმე პატი ბოიდზე დაქორწინდა. მისის პატი იმხანად ლონდონში ცხოვრობდა, განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა და წარმატებული ფოტომოდელის კარიერაც გააჩნდა. ქორწილი ხალხმრავალი გამოდგა და იმდროინდელი ბრიტანული საზოგადოების ნაღებიც დაესწრო. 

ახლადშეუღლებული წყვილის ოჯახური იდილია რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა. ყველაფერი მომღერალ ერიკ კლეპტონის გამოჩენამ შეცვალა. ბატონი ერიკი პატის დაიკოს - პოლას ეკურკურებოდა და ჯორჯ ჰარისონის ბინაშიც ხშირად რჩებოდა. სინამდვილეშიკი, მეგობრის ცოლზე გახლდათ უიმედოდ შეყვარებული. 1970 წელს კლეპტონმა საკუთარი რამდენიმე ჰიტი ოფიციალურად, “არაოფიციალურ” მიჯნურ - პოლას მიუძღვნა, სინამდვილეში კი ამ სიმღერების ადრესატი “ბითლზის” სოლისტის მეუღლე გახლდათ. 1974 წელს ჰარისონი ყველაფერს მიხვდა და ცოლს გაეყარა. 

1975 წელს ერიკი და პატი დაქორწინდნენ. ახალგაზრდა პატარძალმა ბედნიერება მაინც ვერ იპოვა, რადგან სასმელს შეეჩვია და გალოთდა. ჯორჯ ჰარისონის გარდაცვალების შემდეგ, უკვე განქორწინებული ერიკ კლეპტონი და პატი ბოიდი ერთად დაესწრნენ ექს-”ბითლზის“ საპატივცემულოდ გამართულ კონცერტს და ცრემლმორეულები ადევნებდნენ თვალს იმ ადამიანებს, ვინც მათი საყვარელი და უძვირფასესი ჰარისონის გასახსენებლად, იმ საღამოს მოიყარა თავი დარბაზში.
  
სასიყვარულო ლაბირინთებში ხეტიალის უდიდესი გამოცდილება გააჩნია და გააჩნდა ჯგუფი ”როლინგ სთოუნზის“ უბერებელ სოლისტს, მიკ ჯაგერს. მის სამიჯნურო თავგადასავლებზე დღესაც კი მრავალი ლეგენდა დადის და ”მცოდნე“ ხალხს თუ დავუჯერებთ, მიკის სარეცელი სულ ცოტა ათასმა ქალბატონმა მაინც გაიზიარა. ჯაგერის პირველი ოფიციალური მეუღლე ბიანკა პერეზ-მორა მასიარი იყო, მაგრამ ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. 70-იანი წლების დასასრულს ჯაგერმა საკუთარი ძმაკაცის, ჯგუფი ”როქსი მიუზიკის“ ლიდერის, ბრაიან ფერის საცოლე, ტეხასელი სუპერმოდელი ჯერი ჰოლი გაიცნო. ეს ამერიკელი ლამაზმანი ერთხელ ”როლინგ სთოუნზის“ კონცერტს დაესწრო და მიკ ჯაგერით იმდენად მოიხიბლა, რომ ბრაიან ფერიზე გათხოვება გადაიფიქრა. 

ჰოლი მიკიზე ცამეტი წლით უმცროსი და ნახევარი თავით მაღალი გახლდათ, ცხოვრებისეული ფილოსოფია კი ისეთი გააჩნდა, რომელიც ჯაგერს სრულიად აწყობდა და მასზე არც ნებისმიერი ქართველი მამაკაცი იტყოდა უარს: ”ქალი სამზარეულოში – მზარეული, ოჯახში – მოსამსახურე, საწოლში კი – შეუდარებელი მეძავი“. ასეთი მეუღლე ”როლინგ სთოუნზის“ ლიდერს სრულიად აწყობდა და ეს უკანასკნელიც ძმაკაცთან ”ჩაიჭრა“, საცოლე წაართვა და მალე ერთი გემრიელი ქორწილიც გადაიხადა. ინტელიგენტურ და დახვეწილი მანერების მქონე ბრაიან ფერის არანაირი სკანდალი ან დებოში არ აუტეხია. უფრო მეტიც, პირში წყალი ჩაიგუბა და ჰოლი-ჯაგერის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ დაფქვა. მიკ ჯაგერს და ბრაიან ფერის ამჟამად საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გააჩნიათ. გასულ წელს, ნიუ-იორკში, ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე ორივენი გაცხოველებით განიხილავდნენ თანამედროვე ხელოვნების პრობლემებს.
  
ალბათ გვეყო ცნობილი მომღერლების პირად ცხოვრებაში ხელის ფათური და პოპულარულ კინომსახიობებზე გადავინაცვლოთ.
  
1987 წელს, ფილმი “დაკარგული ახალგაზრდობის” გადაღებებზე ერთმანეთი გაიცნეს მსახიობებმა კიფერ საზერლენდმა და ჯეისონ პატრიკმა. მათ მრავალი საერთო აღმოაჩინეს და სულ მალე განუყრელ ძმაკაცებადაც იქცნენ. 1990 წლის დასაწყისში, რეჟისორ ჯოელ შუმახერის დრამის, “კომატოზიანების” გადაღებებზე საზერლენდმა ჯულია რობერტსი გაიცნო და მათ შორის მხურვალე სასიყვარულო ურთიერთობაც ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ ეს ისტორია, მექსიკური მრავალსერიანი “საპნის ოპერის” შინაარსის მიხედვით განვითარდა. კიფერ საზერლენდმა ჯულიაზე დაქორწინება გადაწყვიტა და ამ მიზნით, კანონიერი მეუღლე, კემილია კაზი მიატოვა. 

ქორწილი 1991 წლის ზაფხულისათვის იყო დანიშნული, მაგრამ სამწუხაროდ ჩაიშალა. ჯვრისწერამდე რამდენიმე დღით ადრე ერთი უსიამოვნო ამბავი “გასკდა”. აღმოჩნდა, რომ საზერლენდს, ჯულიას პარალელურად, სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონია სტრიპტიზის მოცეკვავე ამანდა რაისთან. სასოწარკვეთილმა რობერტსმა ეს ინფორმაცია საშინლად განიცადა, დეპრესიაში ჩავარდა და მორალური მხარდაჭერისათვის ჯეისონ პატრიკს მიმართა. ეს შეხვედრა ორივესათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჯეისონი და “გაქცეული პატარძალი” ამერიკიდან ევროპაში გადმოფრინდნენ და რამდენიმე თვე ირლანდიაში ერთად გაატარეს. რასაკვირველია, კიფერლენდი-რობერტსის ქორწილი უიმედოდ ჩაიშალა. “ლამაზმანისა” და პატრიკის რომანტიულმა ურთიერთობამ ცოტა ხანს გასტანა - რამდენიმე თვეში “ახალგაზრდები” ერთმანეთს დაშორდნენ. ინტელიგენტი ბრაიან ფერისაგან განსხვავებით, კიფერ საზერლენდი უფრო მძიმე პიროვნება აღმოჩნდა. ძმაკაცს საქციელი დღემდე ვერ აპატია, “მოღალატესთან” ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და საერთოდ აღარ ელაპარაკება.
  
აშშ-დან საფრანგეთში გადმოვინაცვლოთ. 1989 წელს, “სირანო დე ბერჟერაკის” გადაღებებზე ერთმანეთი გაიცნეს და დაუახლოვდნენ მსახიობები ჟერარ დეპარდიე და ვენსან პერესი. დეპარდიე მეხუთე ათწლეულში იმყოფებოდა, ვენსანი კი მხოლოდ 27 წლის გახლდათ. მუსიე ჟერარს იმ ხანებში ოჯახი ენგრეოდა და მეუღლე ელიზაბეტს სცილდებოდა. ახლადგაცნობილ მეგობარს პერესმა საცოლე, სენეგალელი მოდელი კარინ სილა გააცნო და დიდი შეცდომაც დაუშვა. აფრიკელი ლამაზმანის გულმა ასაკოვანი აქტიორისაკენ გადაიწია და ”ნორჩი“ ვენსანიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სულ მალე მთელი პარიზი დეპარდიე-სილას რომანზე ალაპარაკდა. მათ 1992 წელს ქალიშვილი, როქსანაც შეეძინათ. დეპარდიე დიდი ხნის განმავლობაში ერთი ქალის ერთგულებით ვერასოდეს დაიკვეხნიდა და ფეხბურთელი დიუფის თანამემამულე მანდილოსანსაც მალე უღალატა.
  
წინა საუკუნის 80-იან წლებში, თბილისში მეტად პოპულარული იყო იტალიური კომედია, ”ბინგო ბონგო“, შეუდარებელი ადრიანო ჩელენტანოს მონაწილეობით. ამ სურათში სენიორ ”სერაფინოს“ პარტნიორობას მშვენიერი კაროლ ბუკე უწევდა, რომელშიც იმ პერიოდში თბილისელი მამაკაცების უმრავლესობა იყო შეყვარებული. კავკასიელებზე ნაკლები რითი ვარო და ჟერარ დეპარდიესაც ეს ქალბატონი გულში ჩაუვარდა. ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ ”ჩალიჩი“ დაიწყო და სულ მალე ”შეაბა“ კიდეც. დაწუნებული კარინ სილა ჟერარს ყოველგვარი აყალ-მაყალის გარეშე დაშორდა, ცოტა ხნის შემდეგ კი მის ცხოვრებაში კვლავ ვენსენ პერესი დაბრუნდა. ერთ-ერთ პარიზულ წვეულებაზე, 1998 წელს პერესი ყოფილ სატრფოს მიუახლოვდა, სიყვარული აუხსნა და დაქორწინება შესთავაზა. ისინი იმავე წლის დეკემბერში შეუღლდნენ. მათი მეჯვარე არ გაგიკვირდეთ და ჟერარ დეპარდიე იყო, რომელსაც ვენსანმა ყველაფერი აპატია.