პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს

პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს

პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ კახა კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო, - ასე ეხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი გიორგი მარგველაშვილის პოზიციას კორცხელში მომხდარ ინციდენტთან კახა კალაძის სავარაუდო კავშირის შესახებ.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ “კალაძეს ამ კონკრეტულ თემასთან არავითარი კავშირი არც ჰქონია, არა აქვს და არც მომავალში ექნება“.

“კალაძის, როგორც “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დისკრედიტაცია, არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური ძალები მხარს დაუჭერენ. ვფიქრობ, პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო და საკმაოდ წარმატებულად დაანახა პრეზიდენტს საკუთარი თავი, თუ რა ღირებულებების მატარებელია“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ კორცხელში მომხდარი დაპირისპირება პროვოცირებული იყო. მისივე თქმით, დაპირისპირებაში მონაწილე პირების პოლიტიკური ლიდერის გვერდით გამოჩენა, იმას არ ნიშნავს, რომ “აუცილებლად რაღაც დავალებითი კავშირი არსებობს“.

“ისინი მართლაც აქტივისტები არიან. ხშირ შემთხვევაში იყვნენ გარკვეულ აქციებზე და სწორედაც მათი ამოცანა და მოვალეობაა ის, რომ რეალურად იყოს სიმშვიდე და არ იყოს დაპირისპირება, თუმცა ვფიქრობ, რომ დაპირისპირების პროვოცირება წარმატებული იყო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.