”თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ფილადელფიაში მსოფლიო ლიდერთა ფორუმს ესწრება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”თავისუფალი დემოკრატებიდან” აცნობეს, აღნიშნული ფორუმი აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კონგრესის ფარგლებში იმართება.
მათივე განმარტებით, კონგრესზე 2016 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დასახელდა.
პარტიის ცნობით, ირაკლი ალასანია შეხვდა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ჰილარი კლინტონის მრჩევლებს, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.
მათივე თქმით, ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ორ მნიშვნელოვან საკითხზე - ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სამხედრო თანამშრომლობაზე.
,,მქონდა შეხვედრა კლინტონის საგარეო პოლიტიკის მრჩევლებთან. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სჭირდება საქართველოს. ყურადღება გავამახვილე ორ საკითხზე, ერთია ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება, რადგან საქართველოს სჭირდება სტაბილური ეკონომიკა და ინვესტიციები და მეორე - სამხედრო თანამშრომლობა, რათა საქართველო გახდეს უფრო დაცული. „რესპუბლიკელები“ მოვლენ თუ „დემოკრატები“, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა საქართველოსთან გაგრძელდება“, -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.