NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, პოლიტიკურად გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნაკლებად კმაყოფილია ქვეყნის მდგომარეობით

NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, პოლიტიკურად გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნაკლებად კმაყოფილია ქვეყნის მდგომარეობით

NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, პოლიტიკურად გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნაკლებად კმაყოფილია ქვეყნის მდგომარეობით.

როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტში აცხადებენ, NDI-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC-საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება (34 პროცენტი) ან არასწორი მიმართულებით ვითარდება (33 პროცენტი), მაშინ როდესაც მოსახლეობის მეოთხედი (25 პროცენტი) ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ბოლო წლებში ქვეყნის კურსით კმაყოფილი მოქალაქეების რაოდენობის ვარდნა შეინიშნება, თუმცა 2016 წლის მარტის შემდეგ ასეთი ადამიანების რიცხვი გაზრდილია.

როგორც NDI-ში აცხადებენ, კვლევის წინა ტალღასთან შედარებით, მოქალაქეები უფრო დადებითად აფასებენ თავიანთ პირად მდგომარეობას. 7 პროცენტით გაიზარდა და 17 პროცენტს მიაღწია იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ოჯახების მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ასევე მოქალაქეების 19 პროცენტმა აღნიშნა, რომ მათ ქალაქში/სოფელში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, მაშინ როცა 2015 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 9 პროცენტს შეადგენდა. ასევე, მცირედით გაუმჯობესდა და 37 პროცენტიდან 42 პროცენტამდე გაიზარდა ისეთი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, პოლიტიკურად გადაუწყვეტელი ამომრჩევლები ქვეყნის მდგომარეობას ნაკლებად პოზიტიურად აფასებენ. მეორე მხრივ, მოქალაქეებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ თუ ვის მისცემენ ხმას ოქტომბერში, მეტად სჯერათ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს და მათ ქალაქში/სოფელში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა.

გარდა ამისა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გადაწყვეტილ ამომრჩეველთან შედარებით, სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ფასების ზრდის, სამთავრობო რეფორმებისა და დანაშაულის საკითხებთან მიმართებაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ნაკლებად დადებითად აფასებს.

“გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნაკლებად პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარების ძირითად ეკონომიკურ და სოციალურ მაჩვენებლებს. ამ ადამიანების ხმების მისაღებად, კანდიდატებმა სასწრაფოდ უნდა გააუმჯობესონ ამომრჩევლებთან კომუნიკაცია და მათ პარტიის მიღწევებზე და ეკონომიკურ ზრდასთან და რეფორმებთან დაკავშირებულ კონკრეტულ გეგმებზე ესაუბრონ, - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა.

როგორც NDI-ში აცხადებენ, საგარეო პოლიტიკის მხრივ მოქალაქეები სტაბილურად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 64 პროცენტი, ევროკავშირში გაწევრიანებას კი, 72 პროცენტი უჭერს მხარს. მოქალაქეების უმრავლესობას სჯერა, რომ ქვეყანა სარგებელს მიიღებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციით, მაშინ როდესაც 29 პროცენტი რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ უარს იტყოდა დასავლურ ინტეგრაციაზე.

კვლევის შედეგების თანახმად, პოლიტიკურად გადაწყვეტილ და გადაუწყვეტელ ამომრჩეველს შორის განსხვავებები საგარეო პოლიტიკის კუთხითაც შეინიშნება. გადაწყვეტილი ამომრჩეველი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მეტი ენთუზიაზმით უყურებს: ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას სასარგებლოდ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 49 პროცენტი, გადაწყვეტილი ამომრჩევლების კი 58 პროცენტი მიიჩნევს. გადაწყვეტილი ამომრჩევლები ასევე მეტად უჭერენ მხარს ექსკლუზიურად პროდასავლურ საგარე კურსს (17 პროცენტი), ვიდრე გადაუწყვეტელი ამომრჩევლები (11 პროცენტი).

როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტში აცხადებენ, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი (23 პროცენტი), მათ შორის უმცირესობათა დასახლებების უმეტესი ნაწილი, არაქართულენოვანი მედია საშუალებებიდან, ძირითადად რუსული მედიიდან ეცნობა ახალ ამბებს. გარდა ამისა, მათ, ვინც რუსულ მედია საშუალებებს იყენებს, განსხვავებული შეხედულებები აქვთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანოებში ინტეგრაციის გეგმებს სკეპტიკურად უყურებენ.

“მოქალაქეები განაგრძობენ ევროკავშირისა და ნატო-სადმი ერთგულების დემონსტრირებას. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებელმა პირებმა, დემოგრაფიული და გეოგრაფიული თავისებურებების სტრატეგიულად გამოყენებით, სკეპტიკურად განწყობილ მოსახლეობასთან იმუშავონ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რუსული გზავნილების გაბათილებას და ასევე, გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს, რომლებიც მათი დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, მომავალ არჩევნებში გადამწყვეტ როლს ითამაშებენ”, - განაცხადა თორნტონმა.

კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.