გიორგი პაპუაშვილი - ამ დროისთვის მთავარ პროკურორთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ

გიორგი პაპუაშვილი - ამ დროისთვის მთავარ პროკურორთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამ დროისთვის მთავარ პროკურორთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. 
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, იქამდე სანამ ნდობა არ გაჩნდება პროკურატურის მიმართ, ასეთი შეხვედრის გამართვას აზრი არ აქვს. 

„აზრს ვერ ვხედავ ასეთი შეხვედრის. მგლის ხახაში როდესაც წერილებს აგზავნი და იქიდან, პირიქით, გიგზავნიან რაღაცებს, არ შეიძლება შეხვედრა. თუ შევთანხმდით პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, რომ არის ნდობა, რომ აზრი აქვს მისვლას და არ ექნება უკურეაქცია და ამაში მოსამართლეებიც დარწმუნდებიან, მაშინ ბათუმის უკანასკნელ პროკურორსაც შევხდები“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მისივე თქმით, პროკურატურას ორჯერ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეთა ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა არც ერთ მათგანზე რეაგირება არ მოუხდენია. 

„პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, როგორც აღვნიშნე, პროცესი მარტივი არ იქნება. მთავარ პროკურატურაში ორჯერ გაიგზავნა მიმართვა, თუმცა არც ერთხელ რეაგირება არ ყოფილა. ჩხოროწყუს გამგეობაც კი არ გააკეთებს ასე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უპასუხოდ დატოვოს. თუმცა რას ვერჩი ჩხოროწყუს გამგეობას. შემდეგ ორჯერ ტელევიზიით ვისაუბრე, მათ შორის იუსტიციის მინისტრზე, მაგრამ მე არ გამიგია, რომ რამე გამოძიება დაიწყო. ეს ეხებოდა ვაჭრობას, როცა ვენეციის კომისიაზე მევაჭრებოდა, რომ ლმობიერი ვყოფილიყავი და მეორე შემთხვევა იყო კადრებთან დაკავშირებით. არც ერთი გამოძიება არ ყოფილა, პირიქით, გაძლიერდა ზეწოლა, ჩემზე ნაკლებად, მაგრამ გადავიდნენ ჩვეულებრივ მოსამართლეებზე. ეტყობა მიხვდნენ, რომ ვერ გამტეხდნენ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პრეზიდენტთან და პოლიტიკური ხელმძღვანელობასთან ერთად, თუ როგორ შეიძლება ნდობა აღდგეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.