საქმე გვაქვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ სკანდალთან

საქმე გვაქვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ სკანდალთან

”ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი, პრეზიდენტის მიერ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. პეტრიაშვილი აღნიშნულ ფაქტს აღმაშფოთებელსა და სასწრაფოდ დასაფიქრებელს უწოდებს.

„ეს ფაქტი ძალიან აღმაშფოთებელი და დასაფიქრებელია. ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს გამოვლენილი პოლიტიკური ნება, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა აიღონ პასუხისმგებლობა. როდესაც ამ საკითხზე საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ოპოზიცია საქმე რეალურად გვაქვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ სკანდალთან. მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პრემიერ-მინისტრი შესაბამის რეაგირებას გააკეთებს და კონკრეტული გაგრძელება და კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოვლენა მოხდება“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ამიტომ არ გაკვირვებია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით.

”ეს ტენდენცია ახალი არ არის. ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის განხორციელებისა. ეს იყო იმიტაცია რეალურად და გამომდინარე იქიდან, რაც პაპუაშვილმა მითხრა, ეს ჩემთვის გასაოცარი არ არის”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის გარკვეულ დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლო დადგენილების გარეშე „რაღაცის“ იმედით.