კახა კალაძე:  პრეზიდენტის განცხადება საეჭვოდ დაემთხვა გიორგი პაპუაშვილის განცხადებას

კახა კალაძე: პრეზიდენტის განცხადება საეჭვოდ დაემთხვა გიორგი პაპუაშვილის განცხადებას

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, თუ სახელმწიფო მოხელეებზე ზეწოლა ხორციელდება, გამოძიება უნდა დაიწყოს.

მისი თქმით, პაპუაშვილის მიერ მოსამართლეების ზეწოლაზე გაკეთებული განცხადება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრეტიდაციას ისახავს მიზნად, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დღემდე არ მიუმართავს პროკურატურისთვის.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, კალაძის შეფასებით, ის საეჭვოდ დაემთხვა პაპუაშვილის განცხადებას.

"მე არ მომისმენია მისი განცხადება, თუმცა საეჭვოდ დაემთხვა პაპუაშვილის განცხადებასაც. გაუგებარია ეს განცხადებები, პაპუაშვილთან მიმართებაში პრემიერმა გააკეთა განცხადება, მას ესაუბრა, რომ მიემართა პროკურატურისთვის, თუ გააჩნდა რაიმე მასალები და თუ მიდის მოსამართლეებზე ზეწოლა გარკვეული პიროვნებების მიერ, შესაბამისად, პროკურატურა ამასთან დაკავშირებით კააკეთებდა შესაბამის ღონისძიებებს.

თუ მართლა ეს ასე ხდება, გამოძიება უნდა წარიმართოს და დამნაშავეებმა აგონ პასუხი, თუმცა მე ეჭვი მეპარება. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციებია, რადგან პაპუაშვილი დღემდე არ მისულა პროკურატურაში, მგონია, საქმე გვაქვს ჭორაობასთან.

ეს არის მიზანმიმართული დისკრეტიდაცია სახელმწიფო ინსტიტუტების, რომელზეც ნებისმიერი ევროპილი და მათ შორის ჩვენი ქვეყანაც დგას.

არ არის სწორი ასეთი მაღალი თანამდებობის პირებისგან ასეთი განცხადებები, თუ მათ აქვთ რაიმე კონკრეტული მასალები, მათ პროკურატურას უნდა მიმართონ",- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ერთი თვის წინ, მისი ოჯახის წევრებზე ხდებოდა ზეწოლა. ეს განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელმაც თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა.