ვასილ მაღლაფერიძე:  პრეზიდენტს არ შეეფერება მიკიბულ-მოკიბული საუბარი

ვასილ მაღლაფერიძე: პრეზიდენტს არ შეეფერება მიკიბულ-მოკიბული საუბარი

ოჯახის წევრზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას სოციალური ქსელის მომხმარებლები აფასებენ.

მცხეთა-მთნიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, "პრეზიდენტს არ შეეფერება მიკიბულ-მოკიბული საუბარი".

"რადგან დაიწყო ლაპარაკი, ვალდებულია, ღიად თქვას. ვინ ახდენდა ზეწოლას მისი ოჯახის წევრზე. (თანაც სამართალდამცავების ჩართვით) და რა მიზნით?! რატომ იყო ამდენ ხანს ჩუმად?! იმის მაგივრად, რომ ფაქტი გაასაჯაროვოს და დამნაშავე დააჭერინოს, პრეზიდენტი მოქალაქეებს შესჩივის, დანაშაული მოხდა, მაგრამ, თქვენ ვერ გეტყვით, ვინ ჩაიდინა და მხოლოდ პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს გავუმხელო. თუმცა, იმას აღარ ამბობს, მათ რომ გაუმხელს, მერე რა მოხდება, მხოლოდ ამ სამს შორის დარჩება ეს საქვეყნოდ გამოფენილი საიდუმლო, თუ კიდევ ვინმეს გაანდობენ?! ასეთი საუბარი დიდი ბიჭებისგან გალახულმა პატარა ბავშვებმა იცოდნენ ("ყურში გეტყვით მასტავლებელოო!"), პრეზიდენტს კი, ასეთ შემთხვევებში სათანადო ზომების მიღება ევალება! პრეზიდენტს ხომ ჰყავს ექსპერტები და იურისტები და აბა გაიკითხონ ევროპაში და ამერიკაში, რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა, შემდეგ როგორ განვითარდებოდა მოვლენები?! P.S. კონსტიტუციით პრეზიდენტი მთავარსარდალიცაა, ანუ ქვეყნის მთავარი დამცველია!", - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება ჟურნალისტი ია ანთაძე.

"ზოგჯერ მეჩვენება, რომ პრეზიდენტს ავიწყდება, ვინ არის",-წერს სოციალურ ქსელში ანთაძე.

"პრეზიდენტი რომ ხარ და შენი ოჯახის წევრზე ზეწოლის ფაქტს დამალავ, მინიმუმ, პომიდორს არ უნდა ჭამდე. ქვეყნის მთავარსარდალი რომ დანაშაულს არ უნდა მალავდეს, თუ ამ უკანასკნელს აქვს ადგილი - აღარ შეგახსენებთ",- წერს სოციალური ქსელი მომხმარებელი თინათინ თვალაძე.

დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ერთი თვის წინ, მისი ოჯახის წევრებზე ხდებოდა ზეწოლა. ეს განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელმაც თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა.