გიგა ბოკერია პრეზიდენტის განცხადებაზე:  ეს ქმედებები ივანიშვილის მხრიდან ხორციელდება

გიგა ბოკერია პრეზიდენტის განცხადებაზე: ეს ქმედებები ივანიშვილის მხრიდან ხორციელდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ეს ქმედებები ივანიშვილის მხრიდან ხორციელდება“.

”საკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარე და ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათზე, მათი ოჯახის წევრებსა და გარემოცვაზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა ხორციელდება. პრემიერ-მინისტრი არაფერს არ წყვეტს და ხალხი პირდაპირ ემორჩილება ივანიშვილის რეჟიმს და ივანიშვილს, რომელიც პირადად ამ უკანონო ქმედებებს ახორციელებს. ეს არის კატასტროფული ვითარება, ქვეყანაზე ზრუნვის ნაცვლად ეს ხალხი საკუთარი ძალაუფლების შენახვისთვის ყველაფერზე მიდის. სწორედ ამიტომ, ოქტომბერში არჩევნების გზით ხელისუფლებას წერტილი უნდა დავუსვათ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის განცხადებას ”ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ამიტომ არ გაკვირვებია საკონტისტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით.

”ეს ტენდენცია ახალი არ არის. ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის განხორციელებისა. ეს იყო იმიტაცია რეალურად და გამომდინარე იქიდან, რაც პაპუაშვილმა მითხრა, ეს ჩემთვის გასაოცარი არ არის”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის გარკვეულ დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლო დადგენილების გარეშე „რაღაცის“ იმედით.