საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგვლაშვილი ქვეყანაში შექმნილ „საშიში ტენდენციებზე“ ადეკვატური და აზრიანი პასუხის გასაცემად პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრას სთავაზობს.
როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საშიშ ტენდენციებში გულისხმობს ვითარებას, როცა „პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ გარკვეული არაფორმალური კავშირები სამართალდამცველ ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და ეს ტენდენცია გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებისთვის“.
”კარგა ხანია ვსაუბრობ იმის თაობაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული. მე იმაზეც ვისაუბრე, რომ კორცხელის შემთხვევა გარკვეულ ტენდენციებს ბიძგს მისცემს და ეს სინდრომი განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში იქნება ძალიან რთული ყველასთვის. ამიტომ ჩვენ ნათელი პასუხი უნდა გავცეთ, როცა ხდება პოლიტიკურ ძალებსა და ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში, მაგრამ აგრეთვე ჩნდება ტენდენციები რაღაც კავშირების ჩამოყალიბების, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ჩვენ, არჩევნების პროცესში გვქონდეს სამართლებრივი და მშვიდი, დემოკრატიული არჩევნები, იმისთვის, რომ დავიცვათ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევხვდე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩნდება პოლიტიკურ ცხოვრებაში, გავცეთ სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, უმაღლესი თანამდებობის პირები ამაში ჩართულები არ არიან, მაგრამ ეს ტენდენციები გამოჩნდა.
”კორცხელის შემთხვევა თუ ადეკვატურად არ იქნება პასუხგაცემული, თუ ჩვენს საზოგადოებას არ ვაჩვენებთ იმას, რომ ასეთი ტიპის არჩევნების ჩატარება ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ ამ თემის გაგრძელებას მივიღებთ”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.