საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა მას კონკრეტული ფაქტები დაუსახელა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
”საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე გაკეთებული გამოხმაურებები რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი იყო. როცა ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ, ამაზე პოლიტიკოსების შეშფოთება უნდა იყოს და ამ საქმეში დეტალური გარკვევა. მეორე, დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს კონკრეტული ფაქტები თავისთავად გამომდინარე იქიდან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო და ისეთ თანამდებობის პირებს, როგორიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი, რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების დაცულობაზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.