საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. როგორც პაპუაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უწყებაში მისვლის შესახებ შეტყობინება ბათუმის პროკურატურისგან მიუვიდა.
„აჭარის პროკურატურისგან მოვიდა ოფიციალური წერილი, რომ მთხოვენ მიბრძანებას. თუმცა უფრო სერიოზულად რომ შევხედოთ, ქვეყნის ინსტიტუციებზეა საუბარი, ყველამ უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია ამ ინსტიტუციის ნორმალურ მუშაობასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და მზად არის შეხვდეს მთავარ პროკურორს, თუ მისი მხრიდან დაინტერესება იქნება.
„მე არსად მისვლას არ ვაპირებ. თუ ვნახე რომ მზადყოფნა იქნება, შევხდები მთავარ პროკურორს და მივაწვდი ინფორმაციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.