თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ წამების მეთოდებს იყენებენ. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებდამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს.
ორგანიზაციის ცნობით, დაკავებულების წინააღმდეგ იყენებენ სხვა სასტიკ მეთოდებსაც, მაგალითად, „აიძულებენ მოუხერხებელ მდგომარეობაში 48 საათის განმავლობაში ყოფნას, არ აძლევენ საკვებს, წყალსა და მედიკამენტებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან“.
„ყველაზე უარეს შემთხვევებში დაკავებულებს სასტიკად სცემენ და აწამებენ, ასევე აუპატიურებენ“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.
Amnesty International-ის განცხადების თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია იწვევს ღრმა შეშფოთებას იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მდელობის შემდეგ 10 000-მდე ადამიანი დააკავეს.
Amnesty International-ის მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას უარი თქვას „ამაზრზენ პრაქტიკაზე“ და მისცეს საერთაშორისო დამკვირვებლებს უფლება, მოინახულონ დაკავებული ადამიანები.
თავად თურქეთის მთავრობა აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.