"თუ პაპუაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლის მტკიცებულება გააჩნია, პროკურატურას უნდა მიმართოს"

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ კონკრეტული მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, შესაბამის უწყებებს უნდა მიმართოს.

"ქრონიკის სტუდიის" პირდაპირ ეთერში კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ სპეკულაციად არ უნდა იქცეს.

"ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება გიორგი პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა მიმართოს შესაბამის უწყებებს (პროკურატურას), თუ მას კონკრეტულ ადამიანებზე ზეწოლის შესახებ რაიმე მტკიცებულება გააჩნია. ეს საკითხი არ უნდა იქცეს პოლიტიკურ სპეკულაციად",- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლეების მიზანმიმართულ ზეწოლასა და დაშანტაჟებაზე საუბრობს.

"ბოლო დღეების განმავლობაში, მოსამართლეების მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით. ასევე, პირადი ცხოვრების ხასიათის ინფორმაციის გავრცელების მუქარა. ყველა ეს ფაქტი დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომლებიც ახლა განიხილება, რათა მათ გადაწყვეტილება ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღონ, ან გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად გააჭიანურონ",- განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.