მინდა სამეგრელოდან მივმართო აფხაზ ძმებს, მინდა გჯეროდეთ, რომ ჩვენ გვინდა შერიგება, ჩვენ გვინდა მშვიდობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მეგრელები ყოველთვის ამბობდნენ თავის სიტყვას, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და თავისუფლებას ეხებოდა.
”სამეგრელოს როლი ისტორიულად ყოველთვის ძალიან დიდი იყო და დღესაც ასეა. მეგრელები ყოველთვის ამბობდნენ თავის სიტყვას, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და თავისუფლებას ეხებოდა, ჩვენი ქვეყნის ამ საამაყო კუთხემ ბევრი ღირსეული შვილი და ეროვნული გმირი გაზარდა , რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას ერთიანი ქართული სახელმწიფოსთვის. თქვენ ყოველთვის ვაჟკაცურად იდექით და არ გატყდით მიუხედავად უამრავი სისასტიკის, ძალადობის, რომელიც გადაიტანეთ. ქედს ვიხრი თქვენი სიმტკიცისა და გამძლეობის წინაშე. მე მჯერა თქვენ, მეგრელები უდიდეს როლს შეასრულებთ ისტორიული შერიგების პროცესში. ჩვენ ხელი უნდა გავუწოდოთ ჩვენს აფხაზ ძმებს და ჩვენსკენ შემოვატრიალოთ ისინი. ამ შერიგებით უნდა დაიწყოს საქართველოს გამთლიანება და თქვენ ხართ ამ საქმეში ჩვენი მთავარი დასაყრდენი. რადგან აფხაზეთი აქედან ძალიან ახლოა, მინდა სწორედ სამეგრელოდან მივმართო აფხაზ ძმებს - მინდა გჯეროდეთ, რომ ჩვენ გვინდა შერიგება, ჩვენ გვინდა მშვიდობა და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მაგალითია რუხის რეგიონალური მნიშვნელობის საუნივერსიტეტო კლინიკა და ჩვენი სურვილია რომ თქვენც ისარგებლოთ ამ ულტრათანამედროვე სტანდარტების კლინიკით. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ღირსეულად მიგიღებთ. იგივე შემიძლია ვთქვა რუხის სავაჭრო ცენტრზე. ვისურვებ, რომ ეს ადგილი კიდევ ერთი გადებული ხიდი აღმოჩნდეს ჩვენს შორის. მინდა მივესალმო დევნილებს და ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერ იღონებს, რომ ღირსეული ცხოვრების პირობები შეგიქმნათ. ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადავეცით საცხოვრებელი სახლი, 2012 წლიდან დღემდე 12 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ბინა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.