ანგელა მერკელი:   ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ, ვინ იდგა მიუნხენის თავდასხმის უკან

ანგელა მერკელი: ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ, ვინ იდგა მიუნხენის თავდასხმის უკან

გერმანიის კანლერი ანგელა მერკელი გუშინ მიუნხენში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. მერკელმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება და დაზვერვის სამსახურები აუცილებლად გაარკვევენ, ვინ იდგა მიუნხენის თავდასხმის უკან და როგორ მოხდა რამდენიმე დღის წინ ბავარიაში სამგზავრო მატარებელში მყოფი თავდამსხმელის რადიკალიზება. გერმანიის კანცლერის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობისა და ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად.

„ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთულია ამის ნახვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვნახეთ თავდასხმა ნიცაზე, როდესაც სატვირთო მანქანა ადამიანების თავშეყრის ადგილას შევარდა და შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, ასევე იმ საზრელი შემთხვევის შემდეგ, რომელიც ბავარიაში სამგზავრო მატარებელში მოხდა და რამდენიმე ადამიანი სერიოზულად დაშავდა.

მოტივი და მიზეზი თუ რატომ ჩამოვიდნენ ისლამისტებთან დაკავშირებული ადამიანები გერმანიაში ჯერ კიდევ გასარკვევია. გუშინ მიუნხენში, იმ ადგილას, სადაც თავდასხმა განხორციელდა, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო და ეს თავისთავად ძალიან მძიმე ფაქტია. რა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს? ეს ჩვენი სამართალდამცველები არიან, რომლებიც ძალიან კარგად გაუმკლავდნენ არსებულ ვითარებას, მათ ყველა დანარჩენ ქალაქში უზრუნველყვეს ადამიანების უსაფრთხოება, ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი ერთმანეთთან და ქმნიდნენ დაცულ გარემოს.

მე მსურს ასევე მადლობა გადავუხადო მიუნხენის მოსახლეობას. ისინი ზრუნავდნენ ერთმანეთზე და აჩვენეს, როგორია ცხოვრება თავისუფალ საზოგადოებაში. გუშინდელი ღამის შემდეგ ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღეთ- მეზობელი ქვეყნების მოსახლეობამ გვაგრძნობინა, რომ ფიქრობენ და მხარდაჭერას უცხადებენ გერმანიასა და მის ხალხს. ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ, ვინ იდგა მიუნხენის თავდასხმის უკან და არ მოვისვენებთ იქამდე, სანამ არ გავიგებთ, როგორ მოხდა ბავარიაში თავდასმსხმელის რადიკალიზება. გერმანიის ხელისუფლება და უსაფრთხოების სამსახურები გააკეთებენ ყველაფერს მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად“, - განაცხადა ანგელა მერკელმა