"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გახსნილ საწარმოში 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული დასაქმდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ორი ახალი საწარმო აშენდება.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ახალ საწარმოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდ ლილოში მინაპლასტიკის საწარმო 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულსაც დაასაქმებს.

"პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ახალ პროექტებს ვიხილავთ. დღეს განვიხილავთ და დავამტკიცებთ განკარგულებას, რომლის მიხედვით, კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება ამ პროგრამის ნუსხას. ეს არის შპს "იწისწყალი", რომელიც ამბროლაურში ითვალისწინებს ახალი, წყლისჩამომსხმელი კომპანიის შექმნას, 233 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 30 ახალი სამუშაო ადგიელბის შექმნას. დამეთანხმებით, რაჭაში თვითოეული ახალი სამუშაო ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იქ მოსახლეობის გამაგრებისთვის. ასევე, 70 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მინაპლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება. ამისთვის შპს "კონსტრაქტენ ვიჟენს" სახელმწიფოსგან გადაეცემა ქონება, მიწა და ძველი საწარმოო ნაგებობანი, სადაც ის განახორციელებს 700 ათასი ლარის ინვესტიციას და ძალიან მისასალმებელია, რომ კომპანიამ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებს ამ საწარმოში", - განაცხადა პრემიერმა.