ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ “კონსერვატორები“ “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან

ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ “კონსერვატორები“ “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან

“კონსერვატორთა” ლიდერი ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად არ მიიღებს და “კონსერვატორები“ “ქართული ოცნების“ სიაში იქნებიან წარმოდგენილი. 
“ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთიან სიაში იქნებიან “კონსერვატორების“ წარმომადგენლები. ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, შევინარჩუნოთ პარტიული იდენტობა, ვიყოთ კვალიფიციური პარტია, გვყავდეს წარმომადგენლობა პარლამენტში და გავაგრძელოთ ერთობლივად საქმე, რაც 2012 წელს ერთად დავიწყეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა. 
როგორც ზვიად ძიძიგური განმარტავს, იმის მიუხედავად, რომ “კონსერვატიული პარტია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში როგორც დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტი წარმოდგენილი არ იქნება, პარტია ე.წ. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს არ კარგავს, გამომდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან და ამ სტატუსს მომავალ ადგილობრივ არჩევნებამდე ინარჩუნებს.

“გამომდინარე აქედან, პარტიას კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, დაფინანსება, საპარლამენტო წარმომადგენლობა ანუ პოლიტილური ბერკეტები, რითაც პარტიამ პოლიტიკური საქმიანობა უნდა გააგრძელოს, სრულად უნარჩუნდება“, - აღნიშნა ძიძიგურმა. 
მისივე ცნობით, დღეს, საგურამოში დაგეგმილ შეკრებაზე, სადაც “ქართული ოცნება“ პარტიის ახალ სახეებს წარადგენს, “კონსერვატორთა“ მთელი ფრაქციაა მიწვეული.