„ქართული ოცნების“ პირველ 16 კანდიდატს შორის მოქმედი მთავრობის წევრები არ არიან

„ქართული ოცნების“ პირველ 16 კანდიდატს შორის მოქმედი მთავრობის წევრები არ არიან

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ახალი გუნდის შემადგენლობაში, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართება, ერთი წევრი „კონსერვატიული პარტიიდან“ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა. 

უმრავლესობის ლიდერს არ დაუკონკრეტებია „კონსერვატიული პარტიის“ რომელი წევრზეა საუბარი, თუმცა განმარტა, რომ ის „ქართული ოცნების“ სახელით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. მისივე თქმით, დღეს, 16 კანდიდატის წარდგენა გაიმართება, რომელთა შორის 8 მამაკაცი და 8 ქალია. 
„დავამტკიცეთ 16 კანდიდატი, რომლებიც მოიაზრებიან როგორც მაჟორიტარულ, ისე საპარლამენტო სიაში. მათ შორის არის 8 ქალბატონი და 8 მამაკაცი. პარტიის მხრიდან წარდგენები გაგრძელდება. 18 ივლისს ვხსნით საარჩევნო კამპანიას ქუთაისში. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება და ჩვენი ამომრჩეველი ძალიან კმაყოფილი იქნება ამ ადამიანების სახელებით და გვარებით“, - განაცხადა გუშინ კვაჭანტირაძემ და აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართება, მთავრობის წევრები არ არიან. 

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ომარ ნიშნიანიძის კრიტიკულ განცხადებას ახალ სახეებთან დაკავშირებით, კვაჭანტირაძის თქმით, ასეთი განცხადებები გაუგებარია. „არა მგონია ახალი სახეების წარდგენა იყოს ამ კომენტარების მიზანი. ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ მის განცხადებაზე, თუმცა ვერ მივედით დასკვნამდე, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ. 

ის ასევე შეეხო გიგლა აგულაშვილის თემასაც. კერძოდ, იქნება თუ არა საარჩევნო სიაში გარემოს დაცვის მინისტრი, რაზეც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ აგულაშვილს მოიაზრებს მთავრობაში.