რუსუდან კერვალიშვილი - ჩვენ სამი წელიწადია არ გვაქვს პირადობა და ვიმყოფებით შინაპატიმრობის რეჟიმში

რუსუდან კერვალიშვილი - ჩვენ სამი წელიწადია არ გვაქვს პირადობა და ვიმყოფებით შინაპატიმრობის რეჟიმში

კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის და, რუსუდან კერვალიშვილი განვითარებული მოვლენებით გაოცებულია. როგორც რუსუდან კერვალიშვილი აცხადებს, სალომე ჩარკვიანი არის სრულიად უდანაშაულო, ხოლო მაია რჩეულიშვილმა სასამართლოში წასვლამდე თავის თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელება დაავალა, რათა ადამიანები ბინებით დაკმაყოფილდნენ.

„გაოცებული ვარ ამ ყველაფრით, რადგან ეს განხორციელდა იმ შანტაჟით, რომლითაც სალომე ჩარკვიანის დაკავება მოხდა. კომპანიას ჰყავდა 11 ათასი დასაქმებული ადამიანი და მათ შორის იყო სალომე. ის არის სრულიად უდანაშაულო. რაც შეეხება ჩემს დას, ჩემი და კატორღულ მუშაობას ეწეოდა, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთხელ სასამართლოში ვცხადდებოდით. ჩვენ სამი წელიწადია არ გვაქვს პირადობა და ვიმყოფებით იმ რეჟიმში, რასაც ე.წ. შინაპატიმრობა ჰქვია. ამის მიუხედავად, მაიას ერთი წამით არ დაუხევია უკან იმის შესასრულებლად, რასაც თავის მოვალეობად თვლიდა. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც სასამართლოზე მიდიოდა, მან თანამშრომლებს უთხრა, რომ გააგრძელონ მუშაობა, რათა ადამიანები დაკმაყოფილდნენ. შევდივარ იმათ მდგომარეობაში, ვინც ეს ყველაფერი განახორციელა, რადგან ეს ბიზნესს სარგებელს არ მოუტანს. ამის მიუხედავად, მაიას განწყობიდან გამომდინარე, საქმე არ შეწყდება. ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო, რადგან მეც და მაიასაც გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო იყოს შემდგარი სახელმწიფო“, - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.