პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებული 4 პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებული 4 პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

მთავარი პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებული 4 პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დააყენა, სადაც ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება. როგორც პროკურორმა განმარტა, არსებობს ბრალდებულების მიერ მოწმეებზე ზეწოლის და მათთან ფარულ გარიგებაში შესვლის, ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლის ან მათი განადგურების მცდელობის საფრთხე.

”სხვა ბრალდების საქმეზე მაია რჩეულიშვილს შეფარდებული აქვს გირაო, თუმცა ეს ვერ გახდა ბრალდებულისთვის შემაკავებელი ღონისძიება და ის მაინც ცდილობს მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს მათთან სხვადასხვა ფარული გარიგების დადების გზით”, - განაცხადა პროკურორმა ირაკლი გუმბერიძემ.

როგორც ცნობილია, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე 4 პირი - მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი, „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანია ბრალდებული. მათგან მინდელი და ჩარკვიანი დაკავებულია.