კოალიციური სტილი „რესპუბლიკელებისთვის“ არის ჩვეულებრივი, „ქართული ოცნებისთვის“ დაუძლეველი სიმაღლე აღმოჩნდა

კოალიციური სტილი „რესპუბლიკელებისთვის“ არის ჩვეულებრივი, „ქართული ოცნებისთვის“ დაუძლეველი სიმაღლე აღმოჩნდა

პოლიტიკის კეთების ევროპული კოალიციური სტილი „რესპუბლიკელებისთვის“ არის ჩვეულებრივი, „ქართული ოცნებისთვის“ აღმოჩნდა დაუძლეველი სიმაღლე, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც ჩვენი კამპანიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრძანა, ჩვენ მზად ვიყავით, ევროპული გამოცდილების შესაბამისად, ჩვენი მინისტრები ბოლომდე ყოფილიყვნენ საკუთარი ფუნქციის შემსრულებლები და ამით მოგვეკლო საარჩევნო კამპანიაში, მაგალითად, თინა ხიდაშელის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ასევე, სხვა მინისტრების. მაგრამ, ერთპარტიული მთავრობა მინდაო - ეს ნათქვამი აქვთ. ევროპული კოალიციური სტილი პოლიტიკის კეთებისა „რესპუბლიკელებისთვის“ არის ჩვეულებრივი, „ქართული ოცნებისთვის“ „აღმოჩნდა დაუძლეველი სიმაღლე. ეს არის შედეგი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. შესაბამისად, მთავრობაში დაკავებულ თანამდებობეს ტოვებენ თინათინ ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი. რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, ის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე რჩება და „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს.

საპარლამენტო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი და სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი იქნება. პარტია საპარლამენტო და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე წარსდგება სახელწოდებით „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“. პარტიის საარჩევნო შტაბს თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გაუძღვება. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში საარჩევნო სიის პირველი ნომერი კი პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი იქნება.