გია ვოლსკი:  იმედია, ეს გაყრა მშვიდობიანად დასრულდება

გია ვოლსკი: იმედია, ეს გაყრა მშვიდობიანად დასრულდება

იმედია, ეს გაყრა მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განუცხადა. მისივე თქმით, ”პოლიტიკურ პარტიებს შორის გაყრის პარამეტრები უახლოეს დღეებში გამოჩნდება”.

”იმედია, ეს გაყრა მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდება. დიდი ხანია ერთად მოვდივართ და ძირითადი ამოცანები ერთად გადავჭერით და დავასრულეთ, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პიროვნულად, ვინაიდან ხშირად დაძაბული ურთიერთობები გვქონდა. გაყრის პარამეტრები კი უახლოეს დღეებში გამოჩნდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.

ორი ”რესპუბლიკელი” მინისტრი თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობას ტოვებს. რაც შეეხება კიდევ ერთ ”რესპუბლიკელ” მინისტრს გიგლა აგულაშვილს, ის პარტიას ტოვებს და რჩება გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

როგორც დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ ”ქართულ ოცნებას” შესთავაზეს, რომ ”რესპუბლიკელი“ მინისტრები პოსტებზე ბოლომდე დარჩენილიყვნენ, თუმცა ხელისუფლებამ უარი თქვა.

”ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვახერხებთ, რომ თან კოალიციურ ვალდებულებს ვასრულებთ და თან საარჩევნო კამპანიაში ვერთვებით. როგორ და ასე - პოლიტიკა არ არის კერძო, პერსონალური ვნებების ასპარეზი, პოლიტიკა არის ხალხის საკეთილდღეო სამსახური, ამიტომ ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას, მათ შორის მთავრობაშიც. თუ ჩვენ ევროპა და ცივილიზაცია გვინდა, უნდა შევეგუოთ და ვისწავლოთ ეს ტრადიციები, როცა მრავალპარტიული კოალიციები მუშაობენ არჩევნების ბოლომდე. ჩვენ ეს შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენს პარტნიორებს ”ქართული ოცნებიდან”. ვიყავით თანახმა, რომ ჩვენი წევრები დარჩენილიყვნენ ბოლომდე თანამდებობეზე და მათ გარეშე გავმართავდით საარჩევნო კამპანიას. ”ქართულმა ოცნებამ” სხვაგვარად გადაწყვიტა. მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ”რესპუბლიკური პარტიის” მინისტრები ტოვებენ თანამდებობებს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.