”ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ კოალიციური მთავრობა რომ არ სდომებოდა, ”რესპუბლიკელ” მინისტრებს პრემიერი მოხსნიდა

”ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ კოალიციური მთავრობა რომ არ სდომებოდა, ”რესპუბლიკელ” მინისტრებს პრემიერი მოხსნიდა

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ”რესპუბლიკელებს” ჰქონდათ მოლოდინი, რომ მათ მინისტრებს გაათავისუფლებდნენ და რადგან ეს მოლოდინი არ გამართლდა, ამბობენ: არ ვუნდივართ და ამიტომ მოვდივართო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

ქუცნაშვილისთვის ”რესპუბლიკელთა” არგუმენტები მათი მინისტრების პოსტებიდან წასვლის თაობაზე, არადამაჯერებელია.

”თუკი ”ქართულ ოცნებას” საარჩევნოდ მთავრობაში ”რესპუბლიკელი” მინისტრების ყოფნა არ უნდოდა, მაშინ რა აფეხებდა გიორგი კვირიკაშვილს, რომ ისინი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა?! პრემიერის მიერ მინისტრების გათავისუფლებას დასაბუთება არ სჭირდება და თუკი ”ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ კოალიციური მთავრობა არ უნდოდა, მოხსნიდან კვირიკაშვილი ერთსაც და მეორესაც (თინა ხიდაშელს და პაატა ზაქარეიშვილს). კიდევ ვიმეორებ, თუკი მოსამართლის მოხსნას დასაბუთება სჭირდება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას დასაბუთება სჭირდება, მინისტრის მოხსნას არანაირი დასაბუთება არ სჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათი რამდენიმე მინისტრის მთავრობიდან წამოსვლის არგუმენტი დამაჯერებელი არ არის”, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, რა გახდა ”რესპუბლიკელი” გიგლა აგულაშვილის პარტიიდან წასვლის და მთავრობაში, მინისტრის პოსტზე დარჩენის საფუძველი, ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე განმარტება თავად აგულაშვილმა უნდა გააკეთოს.

ორი ”რესპუბლიკელი” მინისტრი თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობას ტოვებს. რაც შეეხება კიდევ ერთ ”რესპუბლიკელ” მინისტრს გიგლა აგულაშვილს, ის პარტიას ტოვებს და რჩება გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

როგორც დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ ”ქართულ ოცნებას” შესთავაზეს, რომ ”რესპუბლიკელი“ მინისტრები პოსტებზე ბოლომდე დარჩენილიყვნენ, თუმცა ხელისუფლებამ უარი თქვა.

”ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვახერხებთ, რომ თან კოალიციურ ვალდებულებს ვასრულებთ და თან საარჩევნო კამპანიაში ვერთვებით. როგორ და ასე - პოლიტიკა არ არის კერძო, პერსონალური ვნებების ასპარეზი, პოლიტიკა არის ხალხის საკეთილდღეო სამსახური, ამიტომ ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას, მათ შორის მთავრობაშიც. თუ ჩვენ ევროპა და ცივილიზაცია გვინდა, უნდა შევეგუოთ და ვისწავლოთ ეს ტრადიციები, როცა მრავალპარტიული კოალიციები მუშაობენ არჩევნების ბოლომდე. ჩვენ ეს შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენს პარტნიორებს ”ქართული ოცნებიდან”. ვიყავით თანახმა, რომ ჩვენი წევრები დარჩენილიყვნენ ბოლომდე თანამდებობეზე და მათ გარეშე გავმართავდით საარჩევნო კამპანიას. ”ქართულმა ოცნებამ” სხვაგვარად გადაწყვიტა. მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ”რესპუბლიკური პარტიის” მინისტრები ტოვებენ თანამდებობებს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.