თავდაცვის მინისტრი თანამდებობას აშშ-დან დაბრუნების შემდეგ დატოვებს

თავდაცვის მინისტრი თანამდებობას აშშ-დან დაბრუნების შემდეგ დატოვებს

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თანამდებობის დატოვებას მას შემდეგ გეგმავს, რაც ის ივლისის შუა რიცხვებისთვის აშშ-დან დაბრუნდება.

აღნიშნული განცხადება ხიდაშელმა "რესპუბლიკური" პარტიის ოფისში გააკეთა, სადაც პარტიამ საარჩევნო კამპანიის დაწყება გამოაცხადა და ასევე, საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია, რომ "რესპუბლიკელი" მინისტრები - თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ.

თინა ხიდაშელის განცხადებით, მას გუშინ ჰქონდა პრემიერთან შეხვედრა, სადაც გარკვეულ კალენდარზე შეთანხმდნენ.

"აქამდე როგორც მოვედით, ასე ცივილიზებულად უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. რამდენიმე ძალიან სასწრაფოდ დასასრულებელი ღონისძიება დარჩა, რომელთაც გადაბარების პროცესი ხელს შეუშლის. მათ შორისაა რამდენიმე დღის წინ გაფორმებული მემორანდუმი. მე ვთქვი, რომ ივლისის შუა რიცხვებში დაგეგმილი იყო მემორანდუმის შესაბამის გეგმაზე მუშაობა, ამიტომ, მე აშშ-ში გავემგზავრები, ამ პროცესს დავასრულებ და იქიდან დაბრუნების შემდეგ, კონკრეტულ რიცხვზე შევთანხმდებით.

არასდროს მივცემ ჩემ თავს უფლებას, პროცესი შუა ადგილას მივატოვო. ამავე აზრისაა პრემიერიც" , - განაცხადა ხიდაშელმა.

რაც შეეხება მის პარტიულ გეგმებს, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ის სრულად იქნება საარჩევნო კამპანიაში ჩართული.